შალვა პაპუაშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევა არის დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, მართლები ვართ ჩვენ და მტყუანია ევრობიუროკრატია
ჩვენ, მთელი საზოგადოება ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, რომ ობიექტური კრიტერიუმებით როგორც კი ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ევრობარომეტრის“ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როგორც კი შეფასებაში ერევა პოლიტიკური დღის წესრიგი და მავნე მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, მათი წარმოდგენით უცებ აღმოვჩნდებით მაჩანჩალები ხოლმე.
„ასე რომ, ეს არის რეალობა და ეს არის ის სარკე, რომელშიც უნდა ჩავახედოთ ევროპელი ბიუროკრატები. ეს არის პირდაპირი, ფაქტებით დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის და მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი. ასე რომ, კიდევ ერთი დასტურია, რომ მართლები ვართ ჩვენ და მტყუვნები არიან ევრობიუროკრატები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.