შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ბოლშევიკური, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ბოლშევიკური, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის სუფთა ბოლშევიკური, მხოლოდ ისინი არიან, მათ აქვთ უფლებები, მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია, სხვა დანარჩენი კი არის კონტრ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს აქცია, შეხვედრა ამომრჩევლებთან საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ შემთხვევაში, ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, როცა ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ და ამავე დროს, გამოვაცხადოთ სრული მობილიზება, რათა 30 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ კი, 30 ოქტომბერს, ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაავლოს ხაზი, რომლის იქითაც დატოვებს სიძულვილს, ძალადობას, „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გახდა თუ არა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქციის დაგეგმვის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს ჩატარებული მასშტაბური აქცია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებიდან გამომდინარე, საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოს, ეკლესიას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თავისი საზოგადოებრივი პოზიციაც გამოხატოს.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეკრების მოწყობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დაკვეთა იყო.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ შეცვალა ოპოზიციამ ტაქტიკა არჩევნების მეორე ტურის წინ და რატომ გადავიდა რეფერენდუმზე სწორებიდან კონკრეტულ დაპირებებსა და გზავნილებზე, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ეს ყველაფერი თვალის ასახვევად გააკეთა.

„პირველი – მათ რეფერენდუმი წააგეს და გეგმა, რომელიც ჰქონდათ, ვერ განახორციელეს. ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ემზადებოდნენ არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის და ეს ყველაფერი დადასტურდა. მათ არჩევნები წააგეს და გამოჩნდა კიდეც, რატომ ემზადებოდნენ 3 ოქტომბრისთვის. ეს იყო კრიტიკულ მომენტში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის, თუ გამოჩენის გეგმა, რათა ქვეყანა აერიათ. ეს გეგმა ჩაუვარდათ, მიხეილ სააკაშვილი არის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში და ახლა გეგმა ბე არის ის, რომ გადაერთონ და ემზადებიან 31 ოქტომბრისთვის. რა თქმა უნდა, იციან, რომ ამ არჩევნებსაც წააგებენ ოცივე მუნიციპალიტეტში და ქმნიან ისეთ ანტურაჟს, თითქოს, მოწადინებული არიან, გარკვეული პროგრამები წარმოადგინონ. სინამდვილეში, მათი ძირითადი დღის წესრიგი არის ის, რომ ყოველდღე დადიან ციხეში მიხეილ სააკაშვილთან და იქიდან გარკვეულ მითითებებს იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშილი ყოველდღე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

„ის ციხიდანაც კი ყოველდღე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული აქვს აგიტაციაში მონაწილეობა და ის ყოველდღე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. მთელი ქვეყანა შეჰყურებს ამას, როგორ ირღვევა ეს კანონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და დღესდღეობით მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ხოლო თუ ეს საჭირო გახდება, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

„შიმშილობა ახალი არ არის ციხეებისთვის და მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის – ჰუმანური და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საუკეთესო. ეს არის ადამიანის უფლებების საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ჩვენს ციხეებში 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა, მანამდე კი, ყოველ მესამე დღეს პატიმარი იღუპებოდა, სწორედ იმ დაწესებულებაში, რომელიც ახლა ასე არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.