შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას

პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, ნიკა მელია თანხმობას თუ განაცხადებს, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და გირაო გადაიხადოს, პროკურატურა მზად არის, სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლით, – განაცხადა განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თემის კომენტირებისას.

პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია.

„ქართული ოცნება“ არის პარლამენტში და მთავრობაში, მართლმსაჯულება ცალკე ინსტიტუტია და ქართული „ოცნება“ არაფერ შუაშია. ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია. გუშინ იყო მცდელობა, კიდევ ერთხელ სხვანაირად მიესაღებინათ ჩვენი მოსახლეობისთვის. საკითხი არის უმარტივესად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია თანხმობას განაცხადებს, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და გირაოს გადახდის თანხმობას განაცხადებს, პროკურატურა მზად არის, სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებაზე, რომ ოპოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებულ ამნისტია არ უნდა დათანხმდეს.

„ეს განცხადება საინტერესოა, ნიკა მელიას შეიძლება, გარკვეულად თვითგანწირვის სურვილები აქვს. თუმცა საინტერესოა, რომ ის ამავე დროს არ ფიქრობს იმ დანარჩენ რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც მის გვერდით იყვნენ 20 ივნისს და მონაწილეობას იღებდნენ იმ ძალადობრივ აქტში, რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ. მედიატორის მხრიდან ეს შემოთავაზება ამნისტიის გამოცხადების შესახებ ყველას შეეხება, ვინც 20 ივნისთან დაკავშირებით ბრალდებულია. საინტერესოა, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ თავგანწირვის თამაშს თამაშობს და ამით სხვებს წირავს, რომლებიც მათთან ერთად არიან ბრალდებულნი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, რაც შეეხება მოლაპარაკების რესურსს, მათ ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელსაც ეს რესურსი საერთოდ არ ჰქონია.

„მათთვის პირიქით, მიუღებელია შეთანხმება, ვინაიდან ეს მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მათი დღის წესრიგია ქვეყანაში არეულობა და თუ შეთანხმება მოხდება, ამით არეულობას ვეღარ შეძლებენ. არის ჯგუფი, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. მათთან შეთანხმების რესურსი არც ყოფილა არასდროს და არც ახლა არსებობს. ერთადერთი, თუკი ისინი ნახავენ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.