შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, მისი მეორე სახელი არის ზიზღი და ძალადობა
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, მისი მეორე სახელი არის ზიზღი და ძალადობა

ჩვენ იმიტომაც ვართ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, მათ შორის სამართლებრივი, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანას.

„რაც შეეხება ცესკო-ს თუ აუდიტის სამსახურს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამიტომაც ვართ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, მათ შორის სამართლებრივი, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აჟიოტაჟი და ზიზღის ენაზე საუბარი არის ფარისევლობა, რადგან თავად ასოცირდებიან ზიზღთან და ძალადობასთან.

„რაც შეეხება ზოგადად შეფასებებს, თავისთავად გასაკვირი არის, რა აჟიოტაჟიც გვესმის. ჩახედეთ სოციალურ ქსელებს, სოციალურ მედიას, ჩახედეთ სატელევიზიო ბადეს, ამ ადამიანების სოციალური მედიის გვერდებს, რომლებიც დღეს ასეთი მაღალი მორალური პედესტალიდან მსჯელობენ ამ საკითხზე. ნახეთ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიებიდან, ნახეთ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიების სოციალური გვერდებიდან. ამას წინათ გვქონდა პრეზენტაცია მედიის ანალიზისა, რომლის მიხედვით, 12 დღის განმავლობაში, 1-12 სექტემბრის ჩათვლით, ზიზღის ენის შემცველი 128 სიუჟეტი გავიდა სამ ტელევიზიაში, დღეში საშუალოდ 10 სიუჟეტი გადის ასეთი. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა, ასევე, იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, ამ კონტექსტში კიდევ რომ საუბრობენ ზიზღის ენაზე, ეს არის გასაკვირი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურ ფაზაშია.

„ქართული ოცნება“ აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად არის აწყობილი პროგრამაზე, ყოველდღიურად სხვადასხვა პროგრამის პრეზენტაციაა. რას ვხედავთ ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ მხარეს – საერთოდ  არანაირი პოზიტიური პროგრამები. კამპანია მთლიანად აწყობილია ზიზღის ენაზე, სიძულვილზე, მთლიანად აწყობილია დისკრედიტაციაზე.

„ქართული ოცნების“ ბილბორდებზე აღბეჭდილია ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 და გამოსახული არიან ჩვენი კანდიდატები. სხვათა შორის, ამასაც გვსაყვედურობენ, რატომ გვქონდა ასეთი ბევრი ბილბორდი. ჩვენი კამპანია არის პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც პროგრამის პრეზენტაციაზეა დამყარებული. რაც შეეხება ზიზღის ენას, სადაც არის, პირდაპირ ჩანს, გახსენით „ფეისბუქი“, ჩახედეთ ნებისმიერი იმ ადამიანის სოციალური ქსელის ანგარიშს და ნახავთ, როგორი ზიზღის ენა, შეურაცხყოფა, როგორი დამცირება მოდის მათი მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების უკან „ქართული ოცნება“ არ დგას.

„რა თქმა უნდა არა, პასუხი არის არა. რაც შეეხება, რომ ოპონენტები გვადანაშაულებენ, მგონი, ეს არის ყველაზე ნაკლები ბრალდება, რაც მოდის ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ისეთ ბრალდებებს ვისმენთ – სწორედ ეს არის პრობლემა, დეზინფორმაცია, რომელსაც არ აქვს საზღვარი და ის ხალხი, რომელიც დეზინფორმაციის წყაროა, რომლებიც ზიზღის ენის, მანიპულაციის წყარო არიან, გაღმა შედავების პრინციპით, ამაში სხვებს ადანაშაულებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.