შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანების ბრძოლაა და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანების ბრძოლაა და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს

რასაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც იყო საქართველოში მათი მმართველობის დროს და რაც უნდათ, რომ იყოს საქართველოში, თუკი ისინი დაიბრუნებენ ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები არის არაფორმალური გავლენები, ფული და ა.შ. რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიულ პროცესთან.

„საერთო ჯამში, პრობლემა არ არის ხელმძღვანელობაში, პრობლემა არის იმ პრინციპებში, რომელზეც დგას ეს პარტია. ეს არის არაფორმალური გავლენის, ძალადობისა და ყველა მანკიერი პრინციპების გამოვლენა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ცხრა წლის განმავლობში აკვირდებოდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ; რომელსაც ჩვენი მოსახლეობა აკვირდება 10 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში, და რომელიც დაცლილია პატრიოტიზმისგან, დაცლილია ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულებისგან, რომელიც გულისხმობს თანამედოვე გაგებას ადამიანის მიმართ ღირსეული დამოკიდებულებისა. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ვერ გადაწყდება ხელმძღვანელობის ცვლილებით, ეს არის პროცესი თვითრეფლექციის, რომელიც უნდა გაიაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე, რაც მათ მიუძღვით, რის გამოც არის, რომ ქართველი ხალხი მათ, წლებია, კატეგორიულ უარს ეუბნება მინიმალური ძალაუფლების მიცემაზეც კი. როცა ამას გააცნობიერებენ, შესაძლებელია, რაიმე სიკეთე დადგეს ამ ყველაფრისგან. სხვა მხრივ, ეს არის შიდაპარტიული გადანაცვლება, კლანების ბრძოლა პარტიაში და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.