შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად
შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად

მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მუდმივმა საპარლამენტო დელეგაციებმა, მეგობრობის ჯგუფებმა განახორციელეს 66 საგარეო ვიზიტი და მიიღეს 33 დელეგაცია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 2022 წლის აპრილში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში და აღნიშნა, რომ, საქართველოს მტკიცე დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ეს ვიზიტი იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი შემდგომშიც გამოიყენებს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს სანდო და პროგნოზირებად მოთამაშედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

„მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად.

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მუდმივმა საპარლამენტო დელეგაციებმა, მეგობრობის ჯგუფებმა განვახორციელეთ 66 საგარეო ვიზიტი და მივიღეთ 33 დელეგაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირადად ვუმასპინძლე აზერბაიჯანის, ჩეხეთის, თურქეთის, შვეიცარიის, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს და, სხვადასხვა საგარეო ვიზიტების ფარგლებში, შევხვდი 37 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხი კონტინენტიდან.

განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წლის აპრილში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, სადაც შევხვდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და ვიხილეთ რუსეთის სასტიკი ქმედებები კიევში, ბუჩასა და ირპინში. ვინ, თუ არა საქართველომ, იცის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და ტკივილი. ამიტომ, საქართველოს მტკიცე დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ეს ვიზიტი იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. გასულ წელს, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით და საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ორგანიზებით, ვუმასპინძლეთ უკრაინელი ბავშვების რამდენიმე ჯგუფს, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, მცირე ხნით მაინც მოწყვეტოდნენ ომის სასტიკ რეალობას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არჩილ თალაკვაძეს და ჯგუფის წევრებს. ასევე, მადლობა მინდა, გადაგიხადოთ პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სისხლის დონაციისა და ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციაში მონაწილეობისთვის.

2022 წელს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით გამორჩეული ფაქტი იყო აგრეთვე მრავალწლიანი მცდელობის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია AIPA-ს წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის და არაღიარების პოლიტიკის შემდგომი მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

ჩვენ შემდგომშიც გამოვიყენებთ ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს სანდო და პროგნოზირებად მოთამაშედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.