შალვა პაპუაშვილი - მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარის მძღოლი, ევროპიდან ვიღაც მაინც იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა მიუღებელია?
შარშან, დეკემბერში სახელმწიფოს დამხობის მცდელობა გარედან იყო მხარდაჭერილი. ვნახეთ პარლამენტის გადაწვის მცდელობაც – ცეცხლში მოგიზგიზე პარლამენტი. ეს ქვეყანა საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ გადაარჩინა ქაოსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპიდან არავის არ დაუგმია ძალადობრივი მოქმედებები.
„ვხედავდით მოძალადეებს, რომლებიც დანით შეიარაღებულები პოლიციელებს თავს ესხმოდნენ და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. უნდოდათ, ადამიანი ცოცხლად დაეწვათ და ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, მოდი, ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ცეცხლს უკიდებს და წვავს, გაათავისუფლეო. ამას გვეუბნება ევროკავშირის ელჩი, როცა უსამართლოდ დაპატიმრებულებზე საუბრობს. ყველას გულისხმობს. გულისხმობს, ვინც ადამიანს „მოლოტოვის კოქტეილით“ სწვავდა ხორცს, ვინც საკუთარი ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ სხვები ეშანტაჟებინა. ასევე მათ, ვინც ბარიკადების აგების ინსტრუქციებს გასცემდა, ვინც სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა, ვინც პრეზიდენტის სასახლის აღებას ცდილობდა. ეს ის ცივილიზაციური უფსკრულია, სადაც დღეს ბრიუსელი აღმოჩნდა თავისი მორალით. მაშინდელი რეალობა იყო, რომ უნდოდათ საქართველოს დამხობა, არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს დამხობა და სხვებისთვის გადაბარება. ამ პროცესში თუ რაიმე ექსცესი მოხდა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ საკითხს იძიებენ შსს, პროკურატურა და პასუხს გვეტყვიან. მეორე მხარეს შევხედოთ. მოგისმენიათ ევროკავშირის ელჩის ერთი დაგმობა იმ ძალადობის, რომელიც შარშან ხდებოდა? მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარის მძღოლი, ან ვიღაც მაინც ევროპიდან იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არის მიუღებელი? ამ წინადადების ჩამოყალიბებას გამოძიება ხომ არ სჭირდება? ამას სჭირდება, რომ ევროკავშირის ელჩმა თვალები გაახილოს, შეხედოს, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტი და ჩამოაყალიბოს ერთი წინადადება, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა მიუღებელია. რატომ ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი ამ ოთხ სიტყვას, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმი მიუღებელია. ოთხ-ოთხ სიტყვიანი წინადადებებია და ამ წინადადებას ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი. ამას არც გამოძიება უნდა, არც მტკიცებულებები, არც მოწმეების ჩვენება, ამას უნდა თვალის გახელა. ევროკავშირის ელჩს დღეს არ უნდა თვალის გახელა, რომ დაგმოს ძალადობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.