შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ, თუნდაც საქართველოს მაგალითზე, გაკვეთილი ისწავლოს და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მოითხოვოს, კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს
კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და მივესალმები. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ, თუნდაც საქართველოს მაგალითზე, გაკვეთილი ისწავლოს და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მოითხოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „დღეს არასამთავრობო სექტორი გამოყენებულია ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მათთვის ძირის გამოსათხრელად და ჯაშუშური საქმიანობისთვის“.
„შეგახსენებთ, კონტრდაზვერვული ოპერაციის შედეგად დაკავებული ბოლო ორი პირი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით ახერხებდნენ ჯაშუშურ საქმიანობას, ფულის მოძრაობისთვის რაღაც ლეგალური ფორმის მიცემას. ამითაც პირდაპირ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოიყენება. იმედი მაქვს, რუმინეთი მაინც ისე არ მოიქცევა, რომ მეორეხარისხოვან ქვეყნად ვიყოთ წარმოჩენილი, რომ რუმინეთს აქვს უფლება, საკუთარი ინტერესების გასატარებლად მოითხოვოს ფინანსების საჯაროობა და საქართველოს – არა. ადამიანები ერთი გენეტიკური არსებები ვართ და ყველას თანასწორი უფლებები გვაქვს. ადამიანების გაერთიანებებს, ქვეყნებს თანასწორი უფლებები აქვთ. ეს არის ის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა, მანამდე სხვანაირად უყურებდნენ ევროპაშიც, ხალხების სეგრეგაცია ხდებოდა, აღმატებულ და დაღმატებულ ხალხებად იყო განხილული. ეს ყველაფერი ევროპის ნაწილი იყო, მათ შორის ევროპის წიაღში წარმოშობილი მახინჯი იდეოლოგია, რომელიც დამარცხდა, მათ შორის ქართველი ხალხის მსხვერპლის წყალობით. 300 ათასი ადამიანი შევწირეთ იმას, რომ ევროპაში ფაშისტური იდეოლოგია დაგვემარცხებინა. ამის შემდეგ ახალი საერთაშორისო წესრიგი ჩამოყალიბდა, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემას და თანასწორობას გულისხმობს. ვინც ამას პატივს არ სცემს, სამყაროს ექაჩება უკან, მეორე მსოფლიო ომამდე მდგომარეობამდე. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის ენას ძვალი არ აქვს. მოლდოვაში, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ორი პარტია არჩევნებიდან მოხსნეს და აკრძალეს. ნაცვლად იმისა, რაიმე ანალიზი და კრიტიკა ჰქონოდათ, პირიქით, ხელს უწყობდნენ და გაამართლეს მოლდოვა. რა უნდა ვთქვათ, როცა ფარისევლობის მთელი პალიტრაა ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი ხაზი. ამ ყველაფერს იმდენად ცხადი სახე მიეცა, რომ უკვე სასაცილოა, როცა ვაკვირდებით, რამდენად ყალბ რიტორიკასთან გვაქვს საქმე ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს. ახლა კი სენატი კანონპროექტის განხილვას იწყებს.