შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ოფისში იჯდება, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას იზიარებს ყველა დანაყოფი, არის მცდელობა, ერთი ჯგუფი გაათეთრონ, მაგრამ ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ოფისში იჯდება, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას იზიარებს ყველა დანაყოფი, არის მცდელობა, ერთი ჯგუფი გაათეთრონ, მაგრამ ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

საერთო ჯამში, თვალთმაქცობაა, რაც ხდება. თითქოსდა არის დაშლა, გამოყოფა, მცდელობა, რომ გათეთრდნენ დანაშაულებრივი წარსულიდან, რომელიც აქვთ ჩადენილი და დანაშაულებრივი აწმყოდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს დააგროვა იმით, რომ მუდმივად ქართველი ხალხის ინტერესების საზინაოდ მოქმედებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას ამ პარტიის ყველა დანაყოფი იზიარებს.

„არის მცდელობა, ეს ერთი ჯგუფი რაღაცნაირად გაათეთრონ, მაგრამ ეს ქართველი ხალხისთვის ჩვეულებრივი თვალში ნაცრის შეყრაა. მთავარი სიბოროტე ამ ქვეყანაში, „ნაციონალური მოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იქნება, რომელ ოფისში ვინ იჯდება, ეს არის იდეოლოგია, რომელსაც იზიარებს ყველა მისი დანაყოფი, რომელიც ხან ცალკეა, ხან მათთან ერთადაა. გიორგი ვაშაძეც გამოეყო ასე დემონსტრაციულად და პირდაპირ არათუ აკრიტიკებდა, არამედ იყო მძიმე ურთიერთშეურაცხყოფები. დღეს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ უკვე ფორმალურად, რადგან არც არასდროს დაშლილან, არაც არასდროს არავინ არავის არ გამოჰყოფია. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“ – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებია. ასე რომ, როგორ ჩანს, მთავარი მიზანია, დააბნიონ მოსახლეობა, თითქოს რაღაც განხეთქილება ხდება. სინამდვილეში, არის ერთი ქოლგა, ერთი იდეოლოგია, ერთი პარტია თავისი არსით. ვინ რომელ ოფისში იჯდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება კვლავაც არის ძლიერად და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ამ საკითხს გასცეს ქართველმა ხალხმა პასუხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.