შალვა პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და უკრაინაში ასარევად გამოიყენეს, ბრიუსელს დღეს ის მიტოვებული ჰყავს, აგენტურას ეს ბედი ელოდება, განწირული, მიტოვებული აგენტის ბედი

02:33, 16.09.2026

იმისთვის, რომ გაერთიანდე, როგორც პოლიტიკური ძალა, პარტია, თუ რაღაც მოძრაობა, უნდა გაერთიანდე უპირველეს ყოვლისა იმ საკითხების გარშემო, რაც შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია და ეს ჯგუფები სრულად აწყობილი არიან სხვების ინტერესების მომსახურებაზე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, რა შეფასებებს მისცემს ოპოზიციაში ვითარების გამწვავებას, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრები ურთიერთბრალდებებს არ წყვეტენ.

„სად არის დღეს „ლელოს“ ლიდერი ბატონი ხაზარაძე? სად არის დღეს პარტია „საქართველოს“ ლიდერი გახარია? ვაშაძეზე აღარაფერს აღარ ვამბობ, სად არის საერთოდ, მაგრამ სად არიან დღეს, რატომ არ არიან საქართველოში? თუნდაც, რომ საუბრობენ, თითქოს რაღაც დევნის ობიექტები არიან და რა, ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის? აქ ქართველის თუ ეშინიათ, უცხო ქვეყნის ჯარი რომ შემოვიდეს, შემდეგ სად გაიქცევიან? ქართველის თუ ეშინიათ, საკუთარი ძალების თუ არ სჯერათ და საკუთარი მხარდამჭერების იმედი თუ არ აქვთ, აქ უცხო ქვეყნის ჯარი რომ შემოვიდეს და სამხედრო შემოვიდეს, მერე სად გაიქცევიან და სად მოკურცხლავენ, წარმოგვიდგენია ხომ? ასე რომ, ეს არის მთავარი პრობლემა და ახლა ვეღარ ახერხებენ, მაგრამ მანამდე, როცა დაფინანსება ჰქონდათ გარედან, შავი ფული, ვხედავდით მათ კვირა გამოშვებით სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში. ეს ოთხი პარტია – 4, 5, 9, 25, როგორც ერთად იყვნენ წარმოდგენილი 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო კამპანიის დროს რეგიონებში არც კი გასულან, დადიოდნენ უცხოეთში. არწმუნებდნენ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ხმა მიეცათ მათთვის, არამედ არწმუნებდნენ სხვადასხვა უცხო ქვეყნის დედაქალაქებს და სპეცსამსახურებს, რომ მხარი დაეჭირათ მართვის, მოეყვანათ და დაესვათ ხელისუფლებაში. ასე რომ, ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც გინდა, გაერთიანდე სხვისი ინტერესების გარშემო. ეს არ გამოდის საბოლოო ჯამში, რადგან სხვას ინტერესები ეცვლება, სხვა ყოველთვის შენთვის ვერ მოიცლის და სხვისთვის შენ ხარ პაიკი, რომელსაც დღეს ასე დადებს და ხვალ ისე გადადებს გვერდზე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მიატოვეს დღეს ციხეში და ასე მიგატოვებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს, „რა იკადრა სამყარომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“.

„ხომ გახსოვთ, რა იკადრა სამყარომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს, ოთხმილიონიან ქვეყანას თავს დაგვესხნენ მთელი რა ვიცი, ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნები; ხომ გახსოვთ, ბევრი თხოვნის და მუდარის შემდეგ კარგი, შევიდეს და საკუთარი თვალით დარწმუნდეს პოლონელი ექიმითქო და სპეცაგენტი ექიმი რომ გამოუშვა პოლონეთის ხელისუფლებამ, რომელმაც წინდებით სცადა რაღაცების გატანა? წარმოიდგინეთ, ამას რომ იკადრებს პოლონეთის ხელისუფლება ზოგადად. ეს ხომ დაგეგმეს, შენ შედი, იქ რაღაც მერე წინდაში ჩადე და გამოდიო? ამ ჯეიმს ბონდობებს რომ დაგეგმავს საქართველოს წინააღმდეგ, თან როდის, შენ რომ გულს უხსნი და ამბობ, რომ გენდობი, კარგი, შემოდი და შენი თვალით ნახეო. არანაირი ვალდებულება არ გვქონდა და ვალში არ ვიყავით პოლონეთის იმდროინდელ ხელისუფლებასთან, რომ შეგვეშვა და რაღაც სპეციალური რეჟიმი ყოფილიყო მათთან, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიალალით ვაჩვენეთ, რომ კარგი, მოდი, გაჩვენებ, რომ არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ დროს მიგეგმავ სპეცოპერაციას. წარმოიდგინეთ, რა მდაბიობაა ამ ყველაფერში. ევროკავშირის მოქმედი ელჩი, დღეს რომელიც არის, მივიდა იუსტიციის მინისტრთან დემარშით და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, ახლა ან ამას გაგვატანთ ჩვენ პოლონეთში, ან მოკვდება ეს ადამიანი და მერე ხომ იცით, მორჩა, დამთავრებულია თქვენი საქმე. პირდაპირ ტყუილს ეუბნებოდა, რომ კვდება ადამიანი და გაგვატანეთო. ცალკეა, როგორ ფუთავდნენ ამ დემენციებს და ასე შემდეგ. იცით, რომ კი არ მოკვდა, იმის შემდეგ შვილი შეეძინა, ვხედავთ, რომ უკრაინის ჰიმნს მღერის, სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნებს მღერის და როგორც ვატყობთ, კარგ ხასიათზეც არის სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ასეთი ტყუილები იკადრა ბრიუსელმა.

„ამ ტყუილს რომ იკადრებ ბრიუსელი და აღარ მინდა, კიდევ რომ გავიხსენო მართლაც სამარცხვინო საქციელები, რასაც ჩვენ მაშინ ვხედავდით სააკაშვილთან დაკავშირებით. გადაგვდგეს, რასაც ჰქვია, ხომ? დღეს რომ ვიხსენებთ, მსუბუქად არის კიდევ ხელისუფლებაში მყოფი ხალხისთვის, მაგრამ მაშინ რა პანიკა იყო, ხომ გახსოვთ? გორის ჰოსპიტალში რომ იყო და იქ ანტენებიდან ასხივებენო, რა ბოდვას აჯერებდა ბრიუსელი ქართველ ხალხს, წარმოგიდგენიათ? იმიტომ, რომ დადგა ქართველი ხალხი და უთხრა ბრიუსელს, რომ ამ ბოდვას არ დაიჯერებს, დიქტატორი იქნება იქ, სადაც დიქტატორების ადგილი არის, ციხეში, გავიდა დრო და მოუწიათ ამ ყველაფერთან შეგუება. დღეს ჰყავთ მიტოვებული მიხეილ სააკაშვილი. ვინმე ერთი სიტყვითაც ახსენებს? ხომ გამოიყენეს? გამოიყენეს საქართველოში და გამოიყენეს უკრაინაში, საქართველოში ასარევად და უკრაინაში ასარევად. შემდეგ შემოაპარეს საქართველოში და შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში იყო, ევროკომისიის კორიდორებში ხვდებოდა ხალხს. გარდა იმისა, რაც ჩვენ საჯაროდ ვნახეთ, რასა იუკნევიჩიენეს და სხვებს რომ შეხვდა, ევროკომისიის კაბინეტებში იყო. ევროკომისია ამ შემთხვევაში მთავრობა არის ევროკავშირის და საკუთარი პარლამენტარების მიმართ როგორც მათ აქვთ უდიერი დამოკიდებულება, ისინი არავინ არ არიან, კარგი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და ასე შემდეგ, ჩვენი მთავრობა ასე საქართველოს პარლამენტის წევრებზე არ საუბრობს. ასე იტყვიან ხოლმე, ნუ, არ ვიცი, პარლამენტის წევრია და რა ვქნათ, თავისუფალია და ჩვენ ვერ დავუშლითო. ევროკომისიაში კაბინეტებში დადიოდა მიხეილ სააკაშვილი, იქ ვიღაცებს ხვდებოდა და რამდენიმე დღეში აღმოჩნდა თბილისში. თავად დადო მაშინ ვიდეოც, რომ აშშ-შიც იმყოფებოდა რამდენიმე ხნით ადრე და ახლა რა, უნდა დაგვაჯერონ ჩვენ, რომ ასე უცებ, რაღაცამ მოუარა და ისე ჩამოვიდა? ხომ ვიცით, რომ თან, დაგეგმილი იყო სამწუხაროდ, უკრაინის დაზვერვის მიერ. აგერ, მეგობრობა თურმე როგორი ყოფილა. სხვათა შორის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა კიდევაც, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში სამწუხაროდ, ეს პრინციპი მოქმედებს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ანუ, სახელმწიფო თავის ინტერესებს უყურებს და ჩვენ მეგობრობით, ისინი კი აქ დაზვერვით და მიხეილ სააკაშვილის ოპერაციების დაგეგმვით გვპასუხობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სხვათა შორის, დაზვერვაზე მათ შორის, გამოვლინდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო ქსელი, თუ ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ერთ-ერთი დიდი ევროპული ქვეყნის დავალებით საქართველოში და დაკავებული არიან ადამიანები.

„ვამბობ ისტორიაზე, რომელიც რაღაც ორი თვის წინ იყო და დაკავებულიც არიან ადამიანები. აი, ეს არის. ხომ კანდიდატი ქვეყანა ვართ? ხომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებია და ღირებულებები, ძმობა და მეგობრობა არის და ასე ჩუმად, ფარულად, ქართველების მოსყიდვით ჩვენთან შპიონობენ. რა დამოკიდებულებაა და ამის შემდეგ როგორ უნდა გითხრან, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ოჯახში უნდა მიგიღოთო? ასე რომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც შეეხება აგენტურას, ყველამ შეხედოს მიხეილ სააკაშვილს, ეს ბედი ელოდება საბოლოო ჯამში, განწირული, მიტოვებული აგენტის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი