შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

12:25, 12.10.2026

სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა“.

„მარტა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო, ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია: სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში, წლებია, უკვე არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში, წლებია, არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი