შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსმა თქვა, მოლდოვა კლასში საუკეთესო მოსწავლეაო, კლასისა და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ
სამწუხაროდ, ლამის წესად დაამკვიდრა ზოგიერთმა დიპლომატმა და დღემდე ვხედავთ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ღია მხილებით მსგავსი მცდელობები შევაჩერეთ, მათ შორის, გუშინ პაველ ჰერჩინსკის მხრიდან იყო უხეში ჩარევა საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მცდელობა, საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება მიიტაცონ.
„სხვა შემთხვევებიც ვიცით. გახსოვთ, კელი დეგნანის ელჩობის დროს საერთო სასამართლოების მოსამართლეები დაიბარეს და მოსთხოვეს პასუხი, თუ არ ვცდები, გვარამიას საქმეზე. ამას ბედავდნენ დიპლომატები. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი ამერიკაში მივიდეს ამერიკელ მოსამართლესთან და უთხრას, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღეო? წარმოგიდგენათ? მეორე დღეს რა ბედი ელოდება, დაატოვებინებენ იმავე საღამოს, პირდაპირი რეისით გამოუშვებენ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ეს კომპლექსები უნდა მოვიცილოთ. არავისგან არ გვესწავლება დემოკრატია, არ გვესწავლება პაველ ჰერჩესკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომეკლანტურის ელიტურ საბჭოთა ოჯახში არის გაზრდილი, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტურ იოგოსლავიაში გაზრდილი არის და მის მიმართ ბრალდებებიც არსებობს, მათ შორის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, რომლისთვისაც დღემდე არ უპასუხია დამაჯერებლად. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ ოცდაათი წლის წინ? თითქოს ასე უნდა წარმოაჩინონ, რომ ახალი დემოკრატიაა და ვართ უმცროსი დემოკრატია და უფროსი ძმები რაღაცას გვასწავლიან. გადახედოს ყველამ თავის ისტორიას, სად იყო გერმანია 80 წლის წინ, სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებს და ექსპერიმენტებს ატარებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატია არავისგან ესწავლება.
„ყველასთან ვართ მზად, ვისაუბროთ დემოკრატიაზე, მაგრამ არა ისე, როგორც ბატონი ჰერჩინსკი აკეთებდა გუშინ, რომ გამოვიდეს, როგორც პედაგოგი, რომელმაც აქ, სკოლაში რაღაც უნდა გვასწავლოს. გუშინ მარტა კოსმა ეს ტერმინები გამოიყენა, თუ არ ვცდები, მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის არის კლასში საუკეთესო მოსწავლე. კლასის და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ. ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, რომ, მათ შორის, ბატონ ჰერჩინსკის არ მოსწონს ხოლმე საბჭოთა კავშირთან შედარება, მაგრამ ისე იქცევიან, თავის თავს ადარებენ და უსწორებენ საბჭოთა კავშირს.
ნუ მოიქცევიან ისე, როგორც საბჭოთა კავშირში იქცეოდნენ, როდესაც უმცროს ძმებად აღიქვამდა მოსკოვი რესპუბლიკებს, რაც გუშინ გააკეთა ზუსტად ქალბატონმა კოსმა, იქ რომ უმცროს ძმებად აღგვიქვამდნენ, საბჭოთა კავშირში, ახლა ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლეო, მართლა საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგვექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.