შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ დღეს ექნება შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საარჩევნო ცვლილებებს და გვაჩვენოს, 19 აპრილს სიტყვა თქვეს თუ სადღეგრძელო
დღეს გექნებათ შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და გვაჩვენოთ, 19 აპრილს თქვენი ნათქვამი სიტყვა იყო ნათქვამი სიტყვა, თუ იყო სადღეგრძელო, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს.
„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ლევან იოსელიანთან ერთად ვთავმჯდომარეობდი, შეიმუშავა პროექტი, რომელიც სრულად პასუხობს ყველა იმ რისკებს, შიშებს, აღქმებსა და განცდებს, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა ჯგუფს ჩვენს საზოგადოებაში ჰქონდეს, მათ შორის მმართველ ჯგუფშიც. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია, პირველი მოსმენით ეს პროექტი მიღებული იყოს, თუმცა რაც ჩვენ ვნახეთ ამ პროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე, ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც კომიტეტში ოპოზიციის ზოგმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს.
დღეს არის ის მომენტი, როდესაც განსაკუთრებით ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უნდა ჩამოყალიბდეს, ვინაიდან მათ კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღეს პირველი მოსმენით გამოვა ეს საკითხი სხდომაზე და გექნებათ შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროთ და გვაჩვენოთ, 19 აპრილს თქვენი ნათქვამი სიტყვა იყო ნათქვამი სიტყვა, თუ იყო სადღეგრძელო, 19 აპრილს თქვენი ხელმოწერა იყო კალმით გაკეთებული ხელმოწერა, თუ ფანქრით გაკეთებული ხელმოწერა. ჯერჯერობით, მე ეს ვერ დავინახე თქვენში“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.