შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიუს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა.
ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.