შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპონენტებს, დაფიქრდნენ სამშობლოზე და დღეს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, შემოვიდნენ პარლამენტში
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპონენტებს, დაფიქრდნენ სამშობლოზე და დღეს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, შემოვიდნენ პარლამენტში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შეახსენა, რომ უკვე დაინიცირებულია საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს.
„რამდენიმე დღის წინ დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ვასრულებთ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას, რომელლიც გაფორმდა „ქართულ ოცნებასა“ და მოქალაქეებს შორის და რომელსაც შემდეგ შემოუერთდნენ „ევროპელი სოციალისტები“. იცით, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაინიცირებული არის საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს და ჩვენ ველოდებით ახლა ოდირი-სა და ვენეციის კომისიის დასკვნას ამ პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ აპრილის ბოლოს იქნება მზად და ასევე, იცით, რომ იმ პროექტში წინსწრებით უკვე გათვალისწინებული არის ბევრი რეკომენდაცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოადგინა ოდირ-მა.
ახალი ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, მემორანდუმის ბოლო პირობას ვასრულებთ. კერძოდ, ორი მიმართულებით არის ეს ცვლილება – პირველი შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც, ცხრა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მანდატი და ეს ცხრა საარჩევნო სუბიექტი წარმოადგენდა 14 პარტიას. ამავე დროს, რომ შევხედოთ 31 ოქტომბრის არჩევნებს, ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში რომ ჩატარებულიყო, მანდატს მიიღებდა მხოლოდ ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი არის პოლარიზაცია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კვლავ წავახალისოთ დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, კერძოდ, 31 ოქტომბრის არჩევნები რომ ჩატარებულიყო სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ამ შემთხვევაში, კვლავ ექვსი სუბიექტი შეძლებდა მანდატის მოპოვებას, რაც აჩვენებს, რომ პარტიული მრავალფეროვნება დაცული იქნებოდა და ამავე დროს, დიდი ალბათობით მყარი უმრავლესობის ფორმირებაც იქნებოდა შესაძლებელი.
„სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა „მოქალაქეებთან“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად შეეხება იმას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი დაიწიოს სამ პროცენტამდე. ამავე დროს, ჩვენ იქვე განვაცხადეთ, რომ შეიქმნება ამ ცვლილებების სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა შესაძლებლობებიც.
კერძოდ, სამ პროცენტზე უფრო დაბალი ბარიერის დაწესება, ისევე როგორც ამ დაბალი ბარიერის 2024 წლის მიღმა შემოღების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა მყარი არგუმენტები და არა უბრალოდ, ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, რომ ერთი ჯობია, ორი პროცენტი თუ სამი, საჭიროა ყველაფრისთვის არგუმენტები“, – აღნიშნა დეპუტატმა..
პაპუაშვილის თქმით, მეორე ინიციატივა შეეხება ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში.
„იცით, რომ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, მათ შორის, მედიაციის პროცესში და ფასილიტაციის პროცესშიც, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაიზიაროს პარლამენტში მუშაობისას, რაც თავის მხრივ პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილების მეორე ინიციატივა შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის შვიდი წევრის ნაცვლად ოთხი წევრის არსებობის საკმარისობას და შესაბამისად, დღევანდელ პარლამენტს რომ მივუსადაგოთ, დღევანდელი ცხრა სუბიექტიდან ფაქტობრივად ორი ფრაქციის ფორმირებაა შესაძლებელი ან მაქსიმუმ, სამის. ეს ცვლილება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დამატებით ხუთი ფრაქციის ფორმირება შეძლონ იმ პარტიებმა, რომლებსაც ოთხ პროცენტზე დაბალი მონაცემი აქვთ არჩევნებზე მიღებული. ეს იცით, რომ ცხრა პარტიიდან შვიდ სუბიექტს აქვს ეს შედეგი მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ორივე ცვლილება მოითხოვს ცვლილებას კონსტიტუციაში, კერძოდ მის გარდამავალ დებულებებში.
„კონსტიტუციის ცვლილებისთვის კი, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭირო არის 113 ხმა, 3/4 დღესდღეობით პარლამენტში 96 დეპუტატი ახორციელებს აქტიურად საკუთარ მანდატს. ამიტომ საჭირო არის მინიმუმ დამატებით 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, მით უმეტეს, დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, დაფიქრდნენ საკუთარ ამომრჩევლებზე, დაფიქრდნენ სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებზე, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღონ დღეს სწორი გადაწყვეტილება, შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.