შალვა პაპუაშვილი – ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია ვისაც აქვს, მას დიალოგის არ ეშინია, ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ
დიალოგი მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროში ქიშპს და გაყოფას ყოველთვის დიალოგი სჯობს, მგონი, ეს გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბელგიის პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან სწორედ ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, რომ ბელგია თავის მხრივ ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან იმუშავებს იმისთვის, რომ 2024 წლის ივლისში მიღებული გადაყვეტილება შეცვალონ.
„თუ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებების გაზიარება და პრაქტიკად ვაქციოთ საერთაშორისო თანამშრომლობა, აქ ერთადერთი პასუხია დიალოგში. ამიტომ, ჩვენი გახსნილობა და შეთავაზება ყოველთვის ადგილზე იყო, მათ შორის 2024 წლის ივლისში, როცა ევროკავშირმა ცალმხრივად შეაჩერა დიალოგი. დღეს, ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი აღვადგინოთ. ვისაც ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია აქვს, მას დიალოგის არ ეშინია. დიალოგს ისინი გაურბიან, ვისაც მყარი პოზიცია არ აქვს. ევროკავშირს დიალოგის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.