შალვა პაპუაშვილი - იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო, დასკვნებს არ აკეთებს, შეკითხვა აქვთ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიმართ და ელოდებიან პასუხს
იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო, დასკვნებს არ აკეთებს, შეკითხვა აქვთ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიმართ და ელოდებიან პასუხს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ იუნესკო-მ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
„რაც შეეხება ამ ინფორმაციას, იცით, რომ იუნესკო ზოგადად აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, მე როგორც ვნახე, არის მოკითხული მთავრობაში, რა ვითარებები იყო ამასთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ამაზე გააკეთებს განცხადებას. იცით, რომ გამოძიება მიდის და მათ შორის, იცით, რომ ექსპერტიზებიც არის ჩატარებული; წინასწარი მონაცემები საზოგადოებამაც იცის. ამიტომ სამწუხარო არის ის, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო.
„იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარებული არის და შესაბამისად ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა, გააკეთებენ განცხადებებსა და განმარტებებს.
რამდენადაც ვიცი, ექსპერტიზები არის დასრულებული. გახსოვთ, რომ თავის დროზე, გაკეთდა განმარტებები, მათ შორის ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით; უბრალოდ, არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე. კიდევ ერთხელ, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ, მით უმეტეს შობის დღესასწაულზე, ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულაციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა შუაში არიან პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაციასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„შუაში არის იმ კუთხით, რომ ვინც ნახა იუნესკო-ს ეს სია და ღია არის, ხომ, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. აქედან გამომდინარე, იუნესკო არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით; შესაბამისად, ღია საკითხად არის იქ მითითებული, სადაც არის გამოგზავნილი შეკითხვა მთავრობის მიმართ და ელოდებიან პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს, გააკეთებს ალბათ განმარტებებს ამასთან დაკავშირებით; ვიცით, რომ ექსპერტიზები ტარდებოდა, დასრულებული არის, მე რამდენადაც ვიცი, რადგანაც იყო წინასწარ შედეგებზე საუბარი; აქედან გამომდინარე, მათგან ველოდებით განმარტებებს გამოძიების ფარგლებში, იუნესკო არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.