შალვა პაპუაშვილი – იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს, „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“, მათი ერთობა იყო მაშინაც და არის ახლაც

12:10, 21.09.2026

იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან დაკავშირებით, „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“, მათი ერთობა იყო მაშინაც და არის ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებმაც თქვეს, რომ ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობას აპროტესტებდნენ.

„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, თუ შევხედვათ მიზნებს, შინაარსს, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია, როგორც მაშინ, როდესაც მიზანი იყო, ჩაშლილიყო ეკონომიკურად და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არა მხოლოდ 400 მილიონი ლარის კომპენსაციაა ის ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს, არამედ ზიანი მიადგა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას ნამახვანჰესის გარედან მართული ყალბი კამპანიით. გასაჩივრებულია და ჯერ ველოდებით გადაწყვეტილებას. დღეის მდგომარეობით, არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ზუსტად მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, მაშინაც იყო ზუსტად ერთობა „ალტ-ინფოსი“ და „ნაციონალური მოძრაობის“. დღესაც იგივეს ვხედავთ, რომ „ალტ-ინფო“, „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, 2020-2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია. იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან დაკავშირებით. „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“ – ამ სამი ჯგუფის ერთობა იყო მაშინაც და არის ახლაც, რასაც ვუყურებთ.

ქსენოფობიაში თუკი რაიმე არის ევროპული, ეს არის 100 წლის წინანდელი ევროპა, რომელიც ნამდვილად იყო ქსენოფობიური, მისი დიდი ნაწილი ფაშისტური, ასე რომ, როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ – ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისინი „ალტ ინფოსთან“ ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ, ეს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი, რომ სინამდვილეში ერთ მხარეს არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც დებატებში იყო პრემიერ-მინისტრთან, ტერმინი „არაბიზაცია“ ვერ ახსენა, რადგან ეს აბსურდული იარლიყია.

„ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც თავის დროზე პოლიტიკას ჩამოსცილდა და ახლა საკუთარი თავის რეაბილიტირებას ცდილობს, დებატებში იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ტერმინი „არაბიზაცია“ ვერც კი ახსენა, რადგან ეს არის აბსურდული იარლიყი, რომლითაც ცდილობენ „ნამახვანჰესი 2“-ის გამეორებას. თუ შევხედავთ საქართველოში მყოფი ადამიანების ეროვნულ შემადგენლობას, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია ჩვენთან მყოფი ადამიანები. არა მოქალაქეები, არამედ ჯამში მყოფი ადამიანების 0.3%. ეს აქვე აჩვენებს ბრალდების აბსურდულობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.​

მსგავსი