შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი სრულდება და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მრავალი მიმართულებით პოზიტიურად ვითარდება. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის რესპუბლიკა დაუჭერს მხარს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ფინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ფინეთის რესპუბლიკას ნატოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.