შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა როგორც კი საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს დაუბრუნდება, ჩვენი დელეგაციაც იმ მომენტიდან წარმოდგენილი იქნება ასამბლეაზე

14:50, 16.10.2026

რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც იმ სესიებით, რომლებზეც შესაძლებლობა გვქონდა, მიგვემართა ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისთვის, ისე დღევანდელი სესიით, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევას შეეხებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რღვევა იწყება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება.

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების თანდასწრებით, მნიშვნელოვანი იყო, გვესაუბრა იმაზე, რომ ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ ნდობას ასუსტებს, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს მაშინ, როდესაც არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილებას. ამ საკითხზე საუბარი გვქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის დროსაც, სადაც ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ავუხსენით. იქამდე, ვიდრე საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება, ისინი ჩვენს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ იხილავენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დროა, ასამბლეა დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების პატივისცემას, მათ შორის ხალხების უფლების პატივისცემას, თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება.

„როგორც კი ისინი საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს დაუბრუნდებიან, ჩვენი დელეგაციაც იმ მომენტიდან წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო ასამბლეაზე. ასევე მქონდა შესაძლებლობა, ორი დღის განმავლობაში ორმხრივი შეხვედრები გამემართა ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, პირველ ყოვლისა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე სასაუბროდ იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს დღეს კონფრონტაციული პოლიტიკა აქვს არჩეული და ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არამედ მაღალი დონის ურთიერთობებსაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

ვხედავთ, რომ ამ მოწოდებებს ყველა არ ემორჩილება და მნიშვნელოვანია, ყველანი გავუფრთხილდეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ბრიუსელის ბიუროკრატია მოდის და მიდის, ხალხები კი რჩებიან. მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ორმხრივ ურთიერთობებს, რათა მომავალში, როდესაც ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატია შეიცვლება, ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი