შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტში საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომლებმაც დრო იხელთეს და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, პირადი ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის მიმართ

14:20, 09.10.2026

ევროპარლამენტმა 2025 წლის 8 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად და არც პარლამენტს აღიარებს, არც მთავრობას, არაფერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ამით ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს უფსკრული დეგრადირება, სადაც ევროპარლამენტია, როდესაც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 100 პროცენტზე. რუსეთი ამას 20 პროცენტზე არ აღიარებს, ხოლო ევროპარლამენტი – 100 პროცენტზე. ამით ევროპარლამენტმა საკუთარი თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრა. ამიტომ, ჩვენ ნებისმიერი შეფასებისას, პირველი, რაც უნდა გავახსენოთ – ეს არის ხალხი, რომლებიც ორ მილიონ ქართველს მიიჩნევს არაფრად, ნულად და მათი არჩევანი მათთვის არჩევანი არ არის, ჩვენი ქვეყანა მათთვის ქვეყანა არ არის, სახელმწიფო არ ვართ. ჩვეულებრივი საბჭოთა მენტალიტეტი აქვთ ჩამოყალიბებული. ეს უარესიც კი არის, ვიდრე სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც 89 წელს ჩატარდა. იქ რაღაცა სხვა აზრები მაინც ისმოდა და რაღაც დებატი მაინც შედგა. საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომლებმაც დღეს დრო იხელთეს და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, რადგან პირადი ზიზღი აქვთ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ზიზღი და ანტიქართული, ქართველების მიმართ გარკვეული ფობია, რომელიც გამოხატული აქვს იმ პარლამენტის ზოგიერთ წევრს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამინდს ქმნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.

მსგავსი