შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას სურს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია.
„დღეს ვნახე ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვყოფთ და არა სახელმწიფოს, არამედ პირდაპირ ხალხს დავეხმარებითო. მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას სურს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი სამარცხვინოა იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ფაქტობრივად, გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობას. სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა საერთოდ ყველაფერი, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და, საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში, რომ საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულიყო. ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილება მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას, 2026 წელს 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს“.