შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიც აინიცირებს იმავე შინაარსის პროექტს, რომელიც „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, მგონი, აქეთ მოგვთხოვენ შესაბამისი კანონის მიღებას, მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიც აინიცირებს იმავე შინაარსის პროექტს, რომელიც „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, მგონი, აქეთ მოგვთხოვენ შესაბამისი კანონის მიღებას, მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება

სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირიც, აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთების, შინაარსის კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოში იყო დაინიცირებული და „დემოკრატიის დაცვის აქტს“ არქმევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხებზე სხვა ქვეყნებში ცივილიზებული დისკუსიები მიმდინარეობს, თუმცა „საქართველოში ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, პოლიციას, ევროპისა და დემოკრატიის სახელით ამტვრევდნენ მანქანებს“.

„რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ბედის ირონიაა. ლათინური გამოთქმაა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. სამწუხაროა, რომ ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ და ქართველ ხალხს კი – ხარად. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა აინიცირებს ასეთ კანონპროექტებს, მათ შორის ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთების, შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და „დემოკრატიის დაცვის აქტს“ არქმევს.

ზუსტად ის არის  ევროკავშირის მოტივაცია, რა მოტივაციაც ჩვენ გვქონდა. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა, ორგანიზაცია მოქმედებს საკუთარი ინტერესებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ეს ინტერესები ჩანდეს, როცა მათი ფინანსები სხვა ქვეყანაში შემოდის. არცერთი უცხო ქვეყანა, უცხოური ორგანიზაცია საქართველოს ინტერესით არ მოქმედებს, მოქმედებს საკუთარი ინტერესით. ამიტომაც უნდა იყოს ეს საჯარო, ხელმისაწვდომი, რათა მოსახლეობამ იცოდეს, ვისი დაფინანსებით მოქმედებენ და ვის ინტერესებს ლობირებს ესა თუ ის ორგანიზაცია. ახლა ვხედავთ ამაზე ცივილიზებულ დისკუსიას. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელზეც დისკუსიაა საჭირო, თუმცა ჩვენთან მაშინ, ზუსტად უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების ლიდერობით, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, პოლიციას, ევროპისა და დემოკრატიის სახელით ამტვრევდნენ, ამსხვრევდნენ მანქანებს ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებით მოქმედებენ.

„სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ჩვენ გვყავს რამდენიმე მულტიმილიონერი „ენჯეო“, რომლებიც პირდაპირ აჩვენებენ, რომ ისინი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებით. გავიხსენოთ ფაქტები, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის, საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი „ენჯეოები?“ თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებს, რომლებიც ამას ამბობენ.

ზოგიერთი ჯგუფის ინტერესი იყო, საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, მათ შორის, უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ქართველი ხალხის ინტერესია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვის ინტერესს ატარებდნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“ იმით, რომ უცხოელ პარტნიორებს არწმუნებდნენ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ან გადაედოთ გადაწყვეტილება, პირდაპირ სტატიებს უძღვნიდნენ ამას „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ან სტატუსს თუ მოგვცემდნენ, ისე მოეცათ, რომ ეს ყოფილიყო ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის?

ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველოს მოქალაქეებს დაუწესონ სანქციები მტკიცებულებების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული და სანქციების დაწესება ან ვინმეს სანქცირება მტკიცებულებების გარეშე არ მოხდეს. ვის მხარეს დადგნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები?“ საკუთარი დამფინანსებლის მხარეს და საუბრობენ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს. ყველა ასეთ გარემოებაში მილიონერი „ენჯეოები“, რომლებიც სახელს უტეხენ სამოქალაქო სექტორს, ამტკიცებენ, რომ ისინი არიან არა საქართველოს ერთგული, არამედ თავიანთი დამფინანსებლების.

რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი არ არის სამართლებრივი განზომილება, სამართლებრივად ვერ მოსთხოვ და მათი უფლებაა, ვისი ინტერესიც უნდათ, იმისი გაატარონ, მაგრამ ეს მორალური პასუხისმგებლობაა. მათ გაკეთებული აქვთ მორალური არჩევანი, რომ საკუთარი დამფინანსებლების ინტერესების ლობისტები არიან და არა – საქართველოს ინტერესების. ერთადერთი, რასაც ჩვენ მარტში ვითხოვდით და რასაც დღეს ითხოვს ევროკავშირი დირექტივის ინიცირების სახით, არის ის, რომ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვისი ინტერესებით მოქმედებენ.

რაც შეეხება თავად ამ პროექტს, იდეას, ამაშია ბედის ირონია. კანონპროექტი დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და, მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, მივიღოთ ამ დირექტივის შესაბამისი კანონი. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნდება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, ასეთი სახის კანონი მივიღოთ იმის ფონზე, როცა ბევრი უცხოელი აქტორი მარტში პირდაპირ დეზინფორმაციულ შტურმზე იყო საქართველოს წინააღმდეგ და ქართული საზოგადოების ნაწილის ტყუილში დარწმუნება მოახერხეს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს კანონი დემოკრატიის დაცვის ნაწილია. ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან აგრესიული ჯგუფები, რომელთა ძირითადი ნაწილი ზუსტადაც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, საქართველოს ისტორიაში პირველად მანქანებს ამტვრევდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.