შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, ვინც ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე სააკაშვილი და გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, ამ საკითხზე ევროკომისარს სიტყვაც არ დაუძრავს
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, ვინც ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე სააკაშვილი და გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, ამ საკითხზე ევროკომისარს სიტყვაც არ დაუძრავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

როგორც პაპუაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ საკითხზე ევროკომისარს ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს.

კითხვაზე, ოპოზიციამ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე პოლიტპატიმრებზე, დეოლიგარქიზაციაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პაპუაშვილმა აღნიშნა: „ერთადერთი, ვინც ეს ახსენა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, კომისარს ამ საკითხზე ერთი სიტყვაც არ დაუძრავს“.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმებში ლიდერი იყო და ახლა თითქოს აღარ არის.

„მაგალითად მოჰყავდათ ანტიკორუფციული მიმართულებები და მაშინ, როდესაც იქვე შეხვედრაზე გვქონდა საუბარი, იმაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ანტიკორუფციული კუთხით, საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ცხრა წევრ ქვეყანას. რაზე არის საუბარი, როგორ შეიძლება, ვისაუბროთ, რომ რამენაირად საქართველო ჩამორჩენილი არის სხვა ქვეყნებს, ვსაუბრობ კანდიდატებზე, როდესაც ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის წინ. ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, უფრო პოზიტიურად იყვნენ განწყობილი საკუთარი სამშობლოს მიმართ. ჩვენი ამოცანა ერთიანობის, მათ შორის გულისხმობს ერთიანობას იმაში, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ კანდიდატის სტატუსის მოცემაში, ვინაიდან, ამაში ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ კი ამაზე ვთანხმდებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ერთიანი, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.