შალვა პაპუაშვილი - დიდი ალბათობით, ორშაბათს დაინიცირდება პროექტები, როგორც საპარლამენტო კონტროლზე, ისე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - დიდი ალბათობით, ორშაბათს დაინიცირდება პროექტები, როგორც საპარლამენტო კონტროლზე, ისე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

დიდი ალბათობით, ორშაბათს დაინიცირდება პროექტები, როგორც საპარლამენტო კონტროლზე, ისე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ინტერაქციის გაზრდა პარლამენტსა და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს შორის, მთავრობა იქნება, თუ სხვა, რომ უფრო ხშირი ინტერაქცია იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს უბანზე ელექტრონული რეგისტრატორების და მთვლელების ინიციატივა იმდენად რევოლუციური ინიციატივა იყო, რომ კომენტარებში ოპოზიციაც კი დაიბნა.

„კომენტარების ერთი ხაზი იყო ის, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამას, პრობლემა იქ კი არ არის უბანზე, არამედ პრობლემა სადღაც სხვაგან არისო, რესურსი და ა.შ. ანუ აღმოჩნდა, რომ რაზეც აქამდე საუბრობდნენ, კარუსელი, ჩაყრა, თურმე, არ ყოფილა პრობლემა, თავადვე აღიარეს. კომენტარების მეორე ხაზი იყო ამ 70%-თან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია. ვინც კი თქვა ამ 30%-ზე, რომ 30 პროცენტია სწორედ გაყალბების შესაძლებლობა, ყველა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად აკეთებს ამ კომენტარს. ეს ხომ ახალი საკითხი არ არის?! იცით, რომ პილოტირება უკვე მოხდა. მკაფიოდ ითქვა, რომ ელექტრონული სისტემა იქნება დედაქალაქში და ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, რომელიც არის მეტ-ნაკლებად მსხვილი, ყველგან იქნება და დაიფარება ამომრჩევლების მინიმუმ, 70%. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, დანარჩენ ნაწილში იქნება სკანერები, ყველა ბიულეტენი დასკანერდება და შესაბამისად, რეალურად გვქნება 100%-იანი გაციფრებული არჩევნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილს ასევე კითხვა დაუსვა, რით აიხსნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე ალტერნატიული წინადადება არ მოამზადონ მაშინ, როდესაც მათგან ყველაზე მეტი კრიტიკა ამ საკითხზე ისმოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ შეიძლება, ოლიგარქები სადმე იქნას მოძიებული, სწორედ ოპოზიციის რიგებში და ალბათ, ოპოზიციის გადაწყვეტილებაც ამით აიხსნება.

„მართალია, თავიდან ეიფორიით შეხვდნენ ამ რეკომენდაციას, მაგრამ როგორც კი გაერკვნენ, ეს რეალობაში რას ნიშნავს, როგორც კი ჩახედეს უკრაინულ კანონს, მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში, თუ სამართლიანად მიუდგებიან და კრიტერიუმებს აიღებენ, ოლიგარქები თავიანთ რიგებში ჰყავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკვე დაიხია უკან.

„როგორც ჩანს, მათ გაიზიარეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, რომლებსაც შეხვდნენ. ჩვენ მათი პოზიცია ვიცით, რომ აქ საერთოდ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, სხვა რაღაცები თუ გაკეთდება, ეს პუნქტიც თავის მხრივ გაკეთდება. არ ვიცი, ამაში რას გულისხმობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ესეც ითქვა. ვნახოთ, ჩვენ გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, ვიცით უკრანული გამოცდილება და თუკი ამ გამოცდილებას გადმოვიტანთ, თავადაც ხვდებიან, რომ მათი დამფინანსებლები არიან კლასიკური ოლიგარქები. ვისზეც საუბრობენ, რომ უკრაინაში არიან ოლიგარქები, თუ ავიღებთ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც აქეთ არის, ვნახავთ, რომ შინაარსობრივადაც ჰგვანან ერთმანეთს, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტელევიზია, დიდი ფული და, რომლებიც არიან პოლიტიკაში. ეს არის ყველაზე მარტივი კრიტერიუმები, პრინციპში და თავადაც მიხვდნენ, რომ ეს არის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.