შალვა პაპუაშვილი – დღეს, როდესაც შიდა პოლიტიკაში ჩარევა თითქმის ნორმად იქცა, ხოლო გარედან ნაკარნახევი ინტერესები ჭეშმარიტებად არის წარმოდგენილი, სომეხმა ხალხმა და ხელისუფლებამ აჩვენეს, რა არის ნამდვილი ეროვნული ინტერესი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სომეხ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა.
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურული კავშირები, თბილი ადამიანური ურთიერთობები და ურთიერთპატივისცემა აკავშირებთ. ჩვენი ხალხები ყოველთვის, როგორც რთულ, ისე იმედიან პერიოდებში, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. დღესდღეობით ჩვენი ურთიერთობები უფრო ძლიერი და დინამიკურია, ვიდრე ოდესმე.
ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა, ორმხრივ დონეზე მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობასთან ერთად, ნათლად ადასტურებს ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ განვითარებას. პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობიდან დაწყებული, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების ჩათვლით, ჩვენ შევქმენით ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების მყარი საფუძველი.
მსურს, გულითადად მივულოცო სომეხ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. სასიხარულოა, რომ ჩემი კოლეგა, სომხეთის ეროვნული კრების ახალი თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი, წლების განმავლობაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მისი პირადი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს პარლამენტებსა და ქვეყნებს შორის უკვე არსებული შესანიშნავი ურთიერთობების განმტკიცებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სომეხმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ცხადად აჩვენეს, რა არის ნამდვილი ეროვნული ინტერესი, სამომავლო განვითარების გეზი და ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის საფუძველი.
„ჩვენი რეგიონის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების რეგიონად ვაქციოთ. ამის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისკენ სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არჩევნებში გარე ჩარევის და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობების მიუხედავად, საკუთარი ხალხის ნებისა და პოლიტიკური არჩევანის ერთგული დარჩა.
სუვერენიტეტის მნიშვნელობის სრულად გააზრება და მისი პრაქტიკაში განხორციელება, ისევე როგორც გარე ჩარევების მიმართ სახელმწიფოებრივი მდგრადობის განმტკიცება, ეროვნული განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყაროში შიდა პოლიტიკაში ჩარევა თითქმის ნორმად იქცა, ხოლო გარედან ნაკარნახევი ფსევდო ეროვნული ინტერესები ხშირად ურყევ ჭეშმარიტებად არის წარმოდგენილი, სომეხმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ცხადად აჩვენეს, რა არის ნამდვილი ეროვნული ინტერესი, სამომავლო განვითარების გეზი და ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის საფუძველი.
ქვეყანა, რომელიც მკაფიოდ აცნობიერებს და მტკიცედ იცავს საკუთარ ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს, აუცილებლად გაამყარებს თავის სუვერენიტეტს, თავისი ხალხის ნებას და გაძლიერებული გამოვა ნებისმიერი ჭიდილიდან.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
სომხეთს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საზეიმო მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.