შალვა პაპუაშვილი – დღეს იყო რაღაც მოწოდებები პლედების შეგროვებაზე, წყალზე, არაფრის საჭიროება არ არის, ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო

15:58, 05.08.2023

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არაფრის საჭიროება არ არის, ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შოვში სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამი მიმართულებით კეთდება გზა, რათა მისასვლელი იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შემდგომი სამუშაოების გასაადვილებლად, განსაკუთრებული მოტივაციით და სისწრაფით მუშაობენ ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მაშველები.

„12 გარდაცვლილი არის დადასტურებული. ექვსი არის იდენტიფიცირებული. 24 იძებნება და არ არის კონტაქტი დამყარებული. ზოგადად სიტუაცია რა თქმა უნდა, რთული არის. 50 ჰექტარი ტერიტორია არის დაფარული 3-5 მეტრი მიწის მასით. ზედ ამ ტერიტორიაზე, ამ მიწის მასაზე არის რამდენიმე დიდი ლოდი მყინვარის. ყინულის ლოდები არის და ჩანს, რა ბუნებრივ კატასტროფას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვიყავით შესული სიღრმეშიც, ტერიტორიის თავზეც ვიყავით ასული და ჩანს მთლიანად ეს კალაპოტი როგორ აქვს წამოღებული ამ მეწყერს. რთული არის მდგომარეობა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს და ჯარს, რომლებიც ფიზიკურად ძალიან ბევრს შრომობენ. მათ შორის ბოლო გარდაცვლილის ამოყვანა ძალიან რთულ ვითარებაში იყო.

ცოტა ხნის წინ ავტომობილი ნახეს, მაგრამ არ იყო იქ არავინ. გუშინაც რომ ნახეს, რამდენიმე ცხედარი ერთად იყო, ამიტომ იმ ადგილს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიდის როგორც სამძებრო, ისე სამაშველო საქმიანობა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. განსაკუთრებული ორგანიზებით არის ჩართული ტექნიკა და ხედავთ უკვე, რომ მალე ხიდიც გაკეთდება, დროებითი ხიდი მოეწყობა, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან აქტიურად ჩართული. სამი მიმართულებით კეთდება გზა იმისთვის, რომ მისასვლელი იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შემდგომი სამუშაოების გასაადვილებლად და მართლაც განსაკუთრებული მოტივაციით და სისწრაფით მუშაობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ისევე როგორც მაშველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მინდა, ექიმებს ვუთხრა დიდი მადლობა, ჯანდაცვის სამინისტროს და ასევე წითელ ჯვარს, რომელიც აქ არის პირველივე წუთებიდან და დახმარებას უწევენ არა მხოლოდ დაკარგულების ოჯახებს, არამედ ყველას, ვინც აქ ტერიტორიაზეა. ყველანაირი დახმარება არის. დღეს იყო რაღაც მოწოდებები, პლედების შეგროვებაზე, წყალზე, არაფრის საჭიროება არ არის, ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო, წითელი ჯვარიც არის ძალიან აქტიურად ჩართული. ყველაფრით არის უზრუნველყოფილი არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც თავის ოჯახის წევრებს ეძებს, არამედ ყველა, ვინც აქ არის, ვინც მუშაობს, ყველა არის ყველაფრით უზრუნველყოფილი. ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწყო სპეციალური პუნქტი, სადაც ხდება ტეტანუსზე აცრა. ვინაიდან იცით, რომ დაზიანებები ხდება და მიწასთან შეხება არის და რისკები არის, ამიტომ ამ მხრივაც უზრუნველყოფილია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კიდევ მეორე საკითხი, მოხალისეობასთან დაკავშირებით. ყველანაირი თვითშემოქმედება რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი