შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არის ფუნდამენტური და ამბიციური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარ სპეკულაციას
ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, ამბიციური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატმა იმ ძირითად ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც რეფორმა ითვალისწინებს.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის ზრდა, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნაწილის დაკომპლექტება პარიტეტული პრინციპით, მესამე – უბნების ავტომატური გადათვლა – 73 ოლქში, ყოველ ოლქში ხუთი უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა და გადაითვლება, რაც ჯამში არის 365 უბანი, ანუ, უბნების 10% ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზეც ავტომატურად გადაითვლება. ასევე, მნიშვნელოვნად გამოსწორდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ნორმები, ისევე, როგორც აგიტაციასთან დაკავშირებული ნორმები“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტები სამუშაო პროცესში არ არიან ჩართული.
„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ოპონენტები ერთის მხრივ, გუშინდელი შეხვედრიდან გამოვიდნენ კონსტრუქციული მესიჯებით, თითქოს, და დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ პროცესებში იყვნენ ჩართული და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ, ამ საკითხში მიიღონ მათ მონაწილეობა, ნაცვლად ამისა, პარლამენტის შენობასთან საყვირებით მოვიდნენ და ამით გამოხატავდნენ სავარაუდოდ, დიალოგის იმ ფორმას, რომელიც მათთვის მისაღებია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტში შემოსვლისა და სამუშაო პროცესში ჩართვისკენ. მან საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ ის ოთხთვიანი ტყუილი, რასაც ჩვენი ოპონენტები აკადრებენ ქართულ საზოგადოებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამ ოთხთვიან ტყუილთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს რამე მაინც ნახონ თავისი თვალით, აღმოაჩინონ, რამე ფაქტი არსებობს თუ არა და გვაჩვენონ ჩვენ და საზოგადოებას. მოიყვანონ პარტიის ის 11 500 წარმომადგენელი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი იმ ოქმებზე – ვკითხოთ, ვინმემ დააშინა, მოატყუა, რატომ მოაწერეს ხელი იმ ოქმებს, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ თავად, საბოლოო ჯამში, არ ენდობიან. ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს საგამოძიებო კომისია“, -განაცხადა დეპუტატმა.
შალვა პაპუაშვილმა მიმართა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებსაც და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„განსაკუთრებით მინდა მივმართო პარტია „მოქალაქეებს“ – მათ განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ შედიან საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ ჰყავდათ თავად ბევრი დამკვირვებელი ან წარმომადგენელი უბნებზე, თუმცა, ის ფაქტი, რომ არ ჰყავდათ მათ წარმომადგენელი, მათ ხელს არ უშლიდათ სამი თვის განმავლობაში ესაუბრათ არჩევნების გაყალბებაზე და ახლა საქმე საქმეზე რომ მიდგა, რომ ეს გაყალბება ფაქტობრივად დადასტურდეს ან უარყოფილი იყოს, უარს ამბობენ ამ საგამოძიებო კომისიაში შესვლაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რასაც ჰქვია საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობა და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიაში. ეს კომისია მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და საზოგადოებაში სიმშვიდისთვის, საბოლოო ჯამში უნდა გაირკვეს სიმართლე. სიმართლე არ არის რთული გასარკვევი. ამას სჭირდება დაყრდნობა ფაქტებზე, გულწრფელი განხილვა საკითხების, გამოკითხვა, გადათვლა და სიმართლის დადგენა შესაძლებელია. ამიტომ, პარტია „მოქალაქეებს“ განსაკუთრებით მოვუწოდებ, რომ საკუთარი უმოქმედობით ანუ კომისიაში არ შემოსვლით, ხელს ნუ შეუწყობენ და კიდევ ერთხელ ნუ გააღვივებენ უმოქმედობით იმ გარკვეულწილად მღელვარებას, რომელიც არსებობს საზოგადოების ნაწილში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.