შალვა პაპუაშვილი - ცინიზმის მწვერვალია, როცა ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის, თუ ვინმემ წვლილი შეიტანა პოლარიზაციაში, ერთ-ერთი გვარამიაა
შალვა პაპუაშვილი - ცინიზმის მწვერვალია, როცა ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის, თუ ვინმემ წვლილი შეიტანა პოლარიზაციაში, ერთ-ერთი გვარამიაა

ცინიზმის მწვერვალია, როცა ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი ნიკა გვარამიაა.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომაც არის, რომ მას არცერთხელ თავად არ უხსენებია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, უცხოელმა აქტორებმა, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ გვარამია შეეწყალებინა, შეწყალების შემდეგ ზუსტად ამას გაუსვეს ხაზი, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ ეს არის ქართული საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი ნიკა გვარამიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით აღნიშნა: „როგორც გუშინ შევიტყვე, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, რომელიც მასთან შევიდა. ეს ცალკე სიყალბის თეატრია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიდგა“.

ნიკა გვარამიამ გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც გვარამიამ განაცხადა, „პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი და სააკაშვილთან დაკავშირებით მისი თხოვნა უნდა შესრულდეს“.