შალვა პაპუაშვილი – ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, მინდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ჰერჩიენსკიმ, დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც

12:57, 05.11.2026

მოსამართლების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიუსელის მოთხოვნაა, საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას.

„ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, იმიტომ არ გამოვედით სისხლით და ბრძოლით, რომ რომელიღაცა ბიუროკრატმა ბრიუსელიდან დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს. მინდა, ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს არაერთხელ მითქვამს ჰერჩინსკისთვისაც და ბევრისთვის ბრიუსელიდან, თუ ვერ გაიგეს ინგლისურად, ქართველს კი სწავლობენ ნელ-ნელა და ქართულად იქნებ გაიგონ: ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი. ეს თუ არ მოსწონთ, გასაგებია, რომ არ მოსწონთ. უნდათ კონტროლის მოპოვება სასამართლოზე, თავად უნდათ, დანიშნონ. ვიცით, მათი გემოვნება. გადახედეთ მათი დაქირავებული „ენჯეოების“ ე.წ. ანგარიშებს და დასკვნებს სხვადასხვა საქმეზე და მიხვდებით, მათი გემოვნება რაც არის. ჰერჩინსკის გამოვნება არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ეძახის „ღობის საქმეს“. ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, ეს, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს ბატონმა ჰერჩიენსკიმ. არ მოსწონს, გავიგეთ, მაგრამ რატომ ჩხუბობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის გაუგებარი. გასაგებია, უნდათ, დაგვინიშნონ მოსამართლეები, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენს მართლმსაჯულებაში. ჩვენ ვეუბნებით, არ მივცემთ ამის საშუალებას, არ მოსწონთ, გავიგეთ, დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ „შერჩევით დაკავებული პირები რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდნენ“.

პაპუაშვილის თქმით, ჰერჩინსკი არ აპირებს იმის თქმას, ვინ მიაჩნია თვითნებურად დაკავებულად.

„მე გუშინ, ვიდრე პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგი გაიმართებოდა, ჩემს კომენტარში მას კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის განხორციელებიდან 13 თვის გასვლის შემდეგ, ეს თავდასხმა დაეგმო. ის გუშინ კვლავ გაექცა ამ თავდასხმის დაგმობას. ყოველ ჯერზე ის ზოგადი ფრაზებით საუბრობს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას, სადაც არ უნდა იყოს. არ გვაინტერესებს, რას გმობს ევროკავშირი ზოგადად მსოფლიოში, პოლონეთში თუ სხვაგან. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი: რატომ არ ამბობს ბატონი ჰერჩინსკი კონკრეტულად, რომ გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ეს წინადადება მას ერთხელაც არ უთქვამს, ეს კონკრეტული დანაშაული ერთხელაც არ დაუგმია. იმიტომ, რომ როგორც კი ამ ძალადობას დაგმობს, შემდეგ ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ადამიანები თვითნებურად არიან დაკავებული. ის ბრიუსელს წარმოადგენს. ის და ბრიუსელი დღემდე საქართველოში ძალადობის მფარველებად, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის მფარველებად და გამმართლებლებად გვევლინებიან.

რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულებს, გუშინ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ ის არ აპირებს, გვითხრას, ვინ მიაჩნია თვითნებურად დაკავებულად. ანუ, ერთი მხრივ, მოგვიწოდებს, უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ, ხოლო როდესაც ვეკითხებით, ვინ არიან ისინი, კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. გუშინ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კონკრეტულ ადამიანებს ხომ არ გულისხმობდა, მაგრამ პასუხი არ გასცა. იმიტომ, რომ როგორც კი კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, მაშინვე გამოჩნდება, რომ, მაგალითად, დღეს სასჯელს იხდის სამი ადამიანი, რომლებმაც პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს და პოლიციელების ცოცხლად დაწვას აპირებდნენ. ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთის გვარიც რომ ამოიკითხოთ, ან სამივესი, ყველაფერი ხომ დასრულდება და ყველა გაიგებს, რომ დიახ, სწორედ დღეს საქართველოში ძალადობის მფარველი არის ბრიუსელი. ამიტომაც არ ასახელებს მათ.

ერთი წერტილი უნდა დავსვათ, ან ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი წარმოადგინენ სიას, ვის მიიჩნევენ თვითნებურად დაკავებულებად, ან დადასტურდება, რომ ისინი მოძალადეების მფარველები არიან. ბატონმა ჰერჩინსკიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ მოძალადეების მფარველია: ხვდება მოძალადეებს, აფინანსებს მათ, აფინანსებს სიძულვილის ენის გამავრცელებლებს, მათ დაკრულზე ცეკვავს. ვნახეთ, რომ ფულს უხდის და ქირაობს ადამიანებს, რომლებიც ვერბალურად ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

ამავე ანგარიშში ასევე ნათქვამია: „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“.

მსგავსი