საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სიმბოლური და სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მართავს. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები, როგორც თავმჯდომარეებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის. აღინიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა.
საჰიბა გაფაროვამ შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანში მიიწვია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ნინო წილოსანმა და ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა, სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა, გენრიეტა წიწავამ და დიმიტრი ხუნდაძემ.