შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის, თუ მკურნალობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის, თუ მკურნალობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის, თუ მკურნალობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ ხდება ასეთი სახის საკითხებით მანიპულაცია.

„აქ ცალსახაა სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულება. ეს არ არის პირველი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართ. იცით, რომ მანამდეც დროებითი ღონისძიება, რომელიც მას ჰქონდა მიღებული, გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ, ვინაიდან მაშინვე დარწმუნდა, რომ იყო სათანადო მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ამით უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ მის მიმართ მოპყრობის, თუ მკურნალობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს.

სამწუხაროა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ ხდება ყველა ასეთი სახის საკითხით მანიპულაცია. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ იყო ყალბი სამედიცინო დასკვნები, გამოიგონეს ტერმინი ფარმაკოლოგიური წამება და ა.შ. ვრწმუნდებით, რომ ეს იყო დეზინფორმაციული და ყალბი კამპანია, რომელსაც, სამწუხაროდ, აწარმოებს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელთა რეპუტაციაც ცნობილია სწორედ ასეთი საქმეებით, რომ ისინი აყალბებენ სამედიცინო დასკვნებს, თუ მონაცემებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ე.წ. ფარმაკოლოგიური წამება, თვითონ ტერმინიც კი გამოიგონეს, რათა საინფორმაციო კუთხით დაემძიმებინათ მდგომარეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.