შალვა პაპუაშვილი - 2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ ერთპროცენტიანი ბარიერით, დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - 2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ ერთპროცენტიანი ბარიერით, დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ხოლმე, სხვა თემები შემოიტანოს აბსოლუტურად სხვა განხილვის ფორმატში. ევროპული კომისიის მიერ დადგენილი არც ერთი პუნქტი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპაუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიცია ამბობს, თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, შეასრულოს 12-პუნქტიანი შეთანხმება, მას შეუძლია, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი. პირველ ასეთ ნაბიჯად ასახელებენ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიუტციო ცვლილებებს. რატომ იკავებთ თავს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისგან?“.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მანიპულაციას წერტილი უნდა დაესვას.

„სწორედ ეს არის მათ შორის პოლიტიკური დისკუსიის პრობლემა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ხოლმე, სხვა თემები შემოიტანოს აბსოლუტურად სხვა განხილვის ფორმატში. 12 პრიორიტეტი, რომელიც ევროპულმა კომისიამ დაადგინა – არც ერთი ეს პუნქტი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეეხება ბარიერს. იქ წერია, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დეპოლარიზაციისთვის, იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის. ეს არის მარტივი მანიპულაცია. ვინმეს რომ სდომოდა, ეთქვა ეს, პირდაპირ იტყოდა. ასე რომ, კონკრეტული დანაწესებიც არის. მაგალითად, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით პირდაპირ წერია ის, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო და აქაც წერია სიტყვა სიტყვით. ასე რომ, სადაც ევროპულმა კომისიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ კონკრეტულად უნდა გადმოეტანა რაღაც საკითხი, გადმოიტანა, ჩაწერა პროკურორთან დაკავშირებული. სხვა საკითხები არ არის. ამიტომ ამ მანიპულაციას უნდა დაესვას წერტილი. არ უნდა იყოს მცდელობა, აქ შემოიტანონ ის საკითხები, რომლებიც არ არის დაკავშირებული 12 საკითხთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რაც შეეხება ზოგადად ბარიერის საკითხს, აღნიშნული საკითხი ღიაა, არ დაუხურავთ, თუმცა ამავდროულად დაასახელეს წინაპირობებიც.

„ამავე დროს, ვთქვით, რა არის ამის წინაპირობები. ამის წინაპირობები სწორედ არის დეპოლარიზაცია და ამის შემდეგ ბარიერის დაწევა და არა პირიქით, ბარიერის დაწევა, როგორც დეპოლარიზაციის წინაპირობა ან როგორც დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი, ვინაიდან ჩვენ 2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ 1-პროცენტიანი ბარიერის პირობებში. მგონი, ვერავინ შეატყო რაიმე პოლარიზაციის შემცირების კუთხით. დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი