შალვა ოგბაიძე - პროკურატურამ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, 800-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა, ადამიანია დაკითხული და ვერცერთი წონადი არგუმენტი ვერ დადეს, რომ არჩევნები გაყალბდა
შალვა ოგბაიძე - პროკურატურამ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, 800-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა, ადამიანია დაკითხული და ვერცერთი წონადი არგუმენტი ვერ დადეს, რომ არჩევნები გაყალბდა

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ადრე თუ გვიან ევროკავშირის წევრიც გავხდებით და სხვა სიკეთეებიც გვექნება, თუმცა ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უკეთესად ვიცხოვროთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მთავარი გულდასაწყვეტი ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ სავალი გზები არ უნდა დავკარგოთ და ერთმანეთისკენ სავალი ხიდები არ უნდა დავწვათ. როგორ წარმოგიდგენიათ, მე რუსთაველზე ვდგავარ, თქვენ, გაგიწყრათ ღმერთი და, „ოცნების“ მხარდამჭერი ბრძანდებით და სიმღერით გაგინებთ. ამის შემდეგ მწყაზარი სახით ჩვენ უნდა დავსხდეთ სადღაც ერთ სივრცეში, ერთ მაგიდასთან, ერთ ეკლესიაში, თეატრში თუ სადაც გნებავთ და ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უნდა მლანძღოთ და მაბულინგოთ, თუ ეს დემოკრატიაა და ახალი სტანდარტია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ვინც მაგრად შეაგინებს მეორე მხარეს, ეს არის მაგარი არგუმენტი?“ – განაცხადა ოგბაიძემ.

როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო გარედან თავს მოხვეული მოვლენა და მას იმედს აძლევს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საბოლოოდ მისცემს შეფასებას რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობას.

„მე ველოდები ამ კომისიის მუშაობას და იმედი მაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მაშინდელმა დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია ბევრი რამ და ამ ყველაფერს დაუმატეთ საერთაშორისო უსახლკაროები, საერთაშორისო უსამშობლოების და „ბომჟების“, ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც ძალიან უხვად ფინანსდებიან სხვადასხვა ფონდის მიერ და აქეზებენ. რა უნდა დავარქვა როთის ჩამოსვლას აქ? ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, რა უნდა როთს აქ? ხვედელიძის არ იყოს, დაცვას მიხედეო, მიხედოს თავის ქვეყანას, ჩვენს საქმეში რატომ ერევა? ამას თქვენ და ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ ჰყავს. ვიღაც იტყვის, როგორ გადაწყვეტს, როცა ყალბდებაო. დღეს პროკურატურამ ბრიფინგი ჩაატარა, რომ 800-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა, ადამიანია დაკითხული, გასაუბრებული და ყველა ამბობს – მითხრეს, ამბობენ, ისედაც ცნობილიაო. ვერცერთი წონადი არგუმენტი ვერ დადეს იმის, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, ისმის მოთხოვნა, რომ დაინიშნოს არჩევნები, არჩევნები კი არის წელს, ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის და მიიღონ მონაწილეობა.

„ამათ ჰგონიათ, თვითმმართველობის არჩევნები არაფერი არ არის და მთავარი საპარლამენტო არჩევნებია. არა, ბატონო. არ არის ეს ასე“, – განაცხადა ოგბაიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ ჰკითხა, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას ეხება და, მათ შორის, მზია ამაღლობელის შესახებ, რომელსაც აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, რაზეც შალვა ოგბაიძემ უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არავის დაჭერა არ არის და, მით უმეტეს, ქალბატონის, მაგრამ არ შეიძლება, პოლიციელი მოატრიალო და ალიყური უთავაზო.

„ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე ძალიან კვალიფიციური განმარტება მისცა პროკურატურამ, რატომ არ შეიძლებოდა. მე და თქვენ თუ ამაზე ვიკამათებთ, სხვადასხვა აზრი გვექნება, რაღაცაზე შევჯერდებით ან ვერ შევჯერდებით, მაგრამ ჩვენ შევჯერდებით ერთ მთავარზე, რომ არ შეიძლება, პოლიციელს შეეხო და დამთავრდა. პოლიციელი, ღმერთმა ნურავის ნუ დააჭირვოს, მაგრამ ის არის ჩვენი მშველელი პირველ რიგში, ის არის ჩვენი იმედი, რომ დაცულად ვიგრძნოთ თავი და როდესაც პოლიციელს ცხვირწინ უდგახარ და უშვერი სიტყვებით მიმართავ, ეს რა არის?“ – განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობამ ახალ წლებზე, როდესაც რამდენიმე ასეული პოლიციელი დაშავდა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, გაამკაცრა კანონი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მიუშვერენ ცეცხლსასროლ ნივთს ან საგანს პოლიციელს.

საკრებულოს დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ფორმები, რომლის გამოყენებაც ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, თქვენი გადაცემა არ მოეწონა ვიღაცას. თქვენ არცერთი პარტიის წევრი არ ბრძანდებით და თქვენი გადაცემა ვიღაცას არ მოეწონა. გამოაცხადებს, ხვალ თუ შემოვლენ თამთა და მისი მეგობრები, მე საჭმელში უნდა ჩავუფურთხოო. როგორი მოსაწონი იქნება ეს? რა რეაქცია გექნებათ? გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, ეს არის ნორმა? სიტყვა არ მყოფნის, რა ჰქვია ასეთ მოქმედებას. მერე ერთმანეთს რომ აგულიანებენ? კომენტარები წავიკითხე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს. ეს არის დემოკრატია? აუტანლობა, რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ, ეს არის დემოკრატიის ახალი ფორმატი?“ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.