შალვა ოგბაიძე - გვაქვს მიზანი, გზებზე არავინ დაიღუპოს, რაც ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი
შალვა ოგბაიძე - გვაქვს მიზანი, გზებზე არავინ დაიღუპოს, რაც ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი

გვაქვს მიზანი, რომ ჩვენ გზებზე არავინ დაიღუპოს, რაც ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება, გზები და ინფრასტრუქტურა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეს არის სამი კლასიკური ფაქტორი – ადამიანის, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის და ინფრასტრუქტურის. მეოთხე ფაქტორი ეს არის საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია, მეხუთე – კანონმდებლობა და მეექვსე – მენეჯმენტი. მხოლოდ ამ ყველაფრის ჯამმა შეიძლება, შედეგი მოგვცეს. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ჩვენ გზებზე არავინ დაიღუპოს. აი, ეს არის მთავარი. ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი და ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, რა კანონებიც უნდა მოვიგონოთ, რა რეგულაციებიც უნდა შემოვიღოთ და როგორი განათებული გზები თუ ასფალტიც უნდა გვქონდეს, როდესაც ადამიანი საჭესთან ჯდება, ის მარტო რჩება იმ სივრცესთან, რასაც გზა ჰქვია და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

„არსებობს თვრამეტი ტიპური შემთხვევა – შემხვედრ ზოლზე გადასვლა, სიჩქარის ლიმიტის დაუცველობა და ა.შ. ეს არის ადამიანური ფაქტორი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ბაღის და სკოლის ასაკიდან დავიწყოთ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ ქცევის შეცვლა შეიძლება მოზრდილი ჯარიმებით, ასე ვთქვათ, „ადმინისტრაციული სახრით“ და მეორე, პატარაობიდანვე განათლებით, როცა ბავშვს ეცოდინება, ქუჩაში როგორ მოიქცეს.

„პირველი პრეცედენტი უკვე შეიქმნა. შემიძლია, თქვენი გადაცემა დავპატიჟო და სანამ გადაცემა დაიწყება ხოლმე, გაჩვენოთ. ბატონი კახის დახმარებით, 185-ე საბავშვო ბაღში პირველი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა საბავშვო ავტოქალაქი, სადაც ბავშვები აქეთ გვასწავლიან ქუჩაში მოძრაობის წესებს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაიდოს ყოველი ახალი საბავშვო ბაღის პროექტში, რომელიც აშენდება. იმ ლანდშაფტში, რომელიც ბაღს ბავშვების გასასეირნებლად გააჩნია, აუცილებლად იქნება ჩადებული პატარა საბავშვო ავტოქალაქი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, არ შეიძლება, ამ სფეროში ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უფლებამოსილებები გაბნეული იყოს.

„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი არასამთავრობო სექტორი. კვირა არ გავა, რამე ღონისძიება არ ჩავატაროთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს არ არის საკმარისი. ისევე, როგორც ერთ სუფრაზე ორი თამადის ყოფნა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება, ამ სფეროში უფლებამოსილებები გაბნეული იყოს ფედერალური, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. რაც შეეხება დედაქალაქის დონეზე, წინა კვირის სიახლეს გეტყვით, როდესაც ურბანული განვითარების და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანდა, ჩვენ ამას იმედით შევყურებთ. დედაქალაქში ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ არავინ აღარ დაიღუპოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.