შალვა ნათელაშვილი - ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს ამ ვითარებაში შევხვდებოდი
შალვა ნათელაშვილი - ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს ამ ვითარებაში შევხვდებოდი

რის მოწმეც გახდა ქართული და მსოფლიო საზოგადოება, ეს არ არის მარტო ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მოსამართლის გაცემული ვერდიქტი, ეს ყველა იმ ქართველზე გაცემული დაპატიმრების ვერდიქტია, ვისაც სურს, იხილოს ჩვენი ქვეყანა აღდგენილი, გაჭენებული, გამოჭენებული, მხრებგაშლილი, ხოლო ოკუპანტები აქედან წასული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.

„ეს არის გამოწვევა ყველა იმ ეროვნული გმირის, ვინც საქართველოსთვის წირავდა თავს დიდგორიდან, ბასიანიდან, შამქორიდან, მარტყოფიდან. ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ გმირების, ვინც ჩაწვა აფხაზეთში, შიდა ქართლში, დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, ვინც დაგვიხოცეს, გენოციდის ქვეშ მოაყოლეს, ვის საფლავებზე მისვლასაც გვიკრძალავენ, ვის ეზო-მამულშიც ბალახი ამოდის, რადგან ჩვენ იქ არ გვიშვებენ. ეს ბევრად გლობალური რამეა, ვიდრე ბრძოლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ხშირად მწვავე ფორმებს იღებს. ეს არის მცდელობა, ჩაკლან ქართული სული, რასაც ვერ მოესწრებიან და დღევანდელი ეს საღამოა ამისი მოწმე. ერთად მდგომ ქართველებს ჯერ ვერავინ ვერ მორევია და ვერც ახლა ვერ მოგვერევიან, ეს გამორიცხულია. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს შევხვდებოდი ამ ვითარებაში და იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს უკვე უკვე 18-ში ივანიშვილის დაბადების დღეა და ის თავის თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ის ციხეში იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.