შალვა ნათელაშვილი - უთანხმოება რომ არის ოპოზიციაში, სწორედ ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, უთანხმოება და განსხვავებული აზრი
უთანხმოება რომ არის ოპოზიციაში, სწორედ ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, უთანხმოება და განსხვავებული აზრი, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის შეკრებაზე მისი პარტიის ოფისში.
„როგორც ხედავს ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობა, საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატი აგრძელებს იმისათვის მუშაობას, რომ დამთავრდეს ოლიგარქიული ხელისუფლების პარპაში 31 ოქტომბერს.
ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი და მინდა, მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, ნუ გიხარიათ, როდესაც ოპოზიციაში უთანხმოებაა, ეს თქვენ ვერ გადაგარჩენთ. თქვენი საქმე გადაწყვეტილია. ის, რომ უთანხმოებაა ოპოზიციაში, სწორედ ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, უთანხმოება და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და განსხვავებული აზრი. სწორედ ამით გამოირჩევა ქართული ოპოზიცია, დაბრძენებული, გამობრძმედილი ძალიან დიდ ბატალიებში, შეცდომებშიც და წარმატებებშიც. რომ მათ არ ეშინიათ, ერთმანეთს უთხრან სიმართლე და დაადგენ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო ნიშნულამდე და ჩვენ ამ გზას ვადგავართ, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.