შალვა ნათელაშვილი – თითქოს უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა

16:47, 07.12.2020

დღეს ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად  წამოვა დათმობებზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათელაშვილს მედიასთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.

„იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია. ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო. დღეს ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე.

ძალიან გთხოვთ, ნუ დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს, ჩვენ ელჩებთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ, დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ხომ შედეგები გვინდა? თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასთან დაკავშირებით, ნათელაშვილის თქმით, მისი მიზანია, არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს.

„ჩემი ამოცანა და მიზანია, არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ იშლება, ჩვენ ამ დონეზე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე „რადგან ოპოზიცია ხმების გაყალბებაზე საუბრობს, თუ გაქვთ დაახლოებით დაანგარიშებული, რამდენი პროცენტი უნდა აგეღოთ, რამდენი დააკლდა ოპოზიციას“, ნათელაშვილი პასუხობს: „აბა, რას გაიგებ, გაყალბებულ არჩევნებში ვის რამდენი დააკლდა, ვის რამდენი უნდა აეღო? ყოველ შემთხვევაში, არ ველოდი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას, ხალხთან ერთად. ჩვენი პარტია მუშაობს და იბრძვის იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენი ხალხის 70 პროცენტს, საერთოდ, ისტორიულად და იდეოლოგიურად“.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი