შალვა ნათელაშვილი - სასწრაფოდ, ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი არჩევნები
შალვა ნათელაშვილი - სასწრაფოდ, ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი არჩევნები

სასწრაფოდ, ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და „კაგებეშნიკურადაა“ დამონტაჟებული, თავის მართლების უსუსური მცდელობაა.

„ეს არის თავის მართლების ტრადიციული, უსუსური და უაზრო მცდელობა. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ მდგომარეობას 2010-ში თუ 2020-ში. მინდა გითხრათ, რომ 2010-შიც ივანიშვილის ოჯახი მართავდა სახელმწიფოს და აკონტროლებდა მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, ეს ცნობილი ამბავია ველოდები რამდენიმე საათში განცხადებებს ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან და ყველასგან, გადადგომის თაობაზე. სასწრაფოდ, ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილის თქმით, „გაკოტრებულ რეჟიმს პროვოკაციების, განხეთქილების ჩამოგდების და ილუზიური განცხადებების გარდა აღარაფერი დარჩა“.

„ოპოზიცია რომ კომპრომისებზე მზად არის, იქედანაც ჩანს, რომ დავუჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ამას დასჭირდა ევროპის პრეზიდენტის შუამავლობა, ისე მათ ხალხთან და ოპოზიციასთან დალაპარაკების მორალური რესურსი არ დარჩათ. რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე დღეში კვანძი გაიხსნება და ოპოზიცია მათ ჭკუაზე ივლის, ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც 2010 წელში რომ იყოს ეს ჩანაწერები გაკეთებული. ჩანაწერები არსებული ვითარების განმუხტვას ძალიან დააჩქარებს. თუ ზოგიერთებს გათვლილი ჰქონდათ შემოდგომამდე პროცესის გაგრძელება, ან პლებისციტის გავლით, ვფიქრობ, დღეს ეს ყველაფერი იხსნება, რადგან ხელისუფლება ძალიან საშიში ადამიანების ხელშია. ღარიბაშვილს უნდა ეყოს შინაგანი სიმკაცრე, თუ კიდევ სხვა ნარჩენი ელემენტები, რომ დღესვე გადადგეს, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ წამოვიდა მოლაპარაკებებზე, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, როცა ტერორისტებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, ხომ ელაპარაკებიან მათ მძევლების უსაფრთხოებისთვის? დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილებია მათი მძევალი, მათ უნდა ვუთხრათ, დროზე წადით და დროზე ჩაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.