შალვა ნათელაშვილი - საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი
შალვა ნათელაშვილი - საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი

საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ რეგიონში გეოპოლიტიკურ აფეთქებებს ქართული სახელმწიფოებრიობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი არ შეეწიროს.

„ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური აფეთქებები გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, რასაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი. გამოსავალი აქედან არსებობს – საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი.

ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი იმ რეგიონალური იმპერიებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩაითრიონ საქართველო რეგიონალურ კონფლიქტებში. ეს იქნება უზარამაზარი ზარალი ოკუპანტი რუსეთისთვის, რომელსაც ცხვირწინ მოვუბამთ იმ სამხედრო ზესახელმწიფოს, რომლის ძალა და ძლიერება მან ძალიან კარგად იცის. ამის შემდეგ საქართველოს მოაწყდება უამრავი ინვესტორი, ბიზნესმენი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაფორმდება აშშ-თან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება და გამოვალთ იმ ფორმატში, რა ფორმატშიც დღეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ ისრაელს, აყვავებულ სამხრეთ კორეას და ა.შ. ჩვენ გავხდებით უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ვეფხვი, რომელსაც მას ეკონომისტები უწოდებენ ამ მოდელის შედეგებს კონკრეტულ ქვეყნებში. სხვა შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს, ყარაბაღის ომი აქ მოვა, რეგიონალური აფეთქება ჩვენ შეგვიწირავს. ჩვენ ამ გამოწვევებს, ამ საფრთხეებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.