შალვა ნათელაშვილი - სანქცირებულთა სიისთვის 20 ივნისის სახელის მინიჭება სიმბოლური ნაბიჯია და მუხრუჭის ფუნქციას შეასრულებს
შალვა ნათელაშვილი - სანქცირებულთა სიისთვის 20 ივნისის სახელის მინიჭება სიმბოლური ნაბიჯია და მუხრუჭის ფუნქციას შეასრულებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი განმარტავს, რომ სანქცირებულთა სიისთვის 20 ივნისის სახელის მინიჭება სიმბოლური ნაბიჯია და იგი გააერთიანებს ყველა ადამიანს, ვისაც ოპოზიციის თქმით, პოლიტიკურ რეპრესიებში მიუძღვის წვლილი.

როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, სია მუხრუჭის ფუნქციებს შეასრულებს.

„უკვე გამოკვეთილია კონკრეტული რეპრესიის გამტარებელი პირები, ვინც მოქმედებს, გადაწყვეტილებას იღებს და ასრულებს ოლიგარქატის შეკვეთას. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ეფექტური გზა. საშუალო რგოლებმა, ვისაც ავალებენ რეპრესიების გატარებას, დაამუხრუჭონ, მიხვდნენ, რომ მათი და ქვეყნის ბედი არის განუყოფელი. მათი პატრონები ადრე თუ გვიან შეეცდებიან გაქცევას, თუ მოასწრეს რა თქმა უნდა, მათ მიატოვებენ ისევე, როგორც ასლან აბაშიძემ, შევარდნაძემ და სხვა ხელისუფლებებმა მიატოვეს შეკვეთის შემსრულებელი ფენები, შემდეგ იმათ თავის გადარჩენაზე მოუხდათ სირბილი, წვალება და დღემდე კიდევ ვერ გამოსულან ცოდვებიდან რაც ჩაიდინეს, სწორედ მათ გასაფრთხილებლად კეთდება ეს 20 ივნისის სია. შემთხვევით არ შერჩეულა ეს დასახელება, სწორედ 20 ივნისი იყო გადამწყვეტი, როცა დაიწყო ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა, ამიტომ ეს სიმბოლურად იქნება აღებული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ეს კომენტარი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ოპოზიციური პატიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის ფარგლებშიც მსჯელობა, სიასთან ერთად, ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო გეგმასაც შეეხო.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ მოქმედებებს გააგრძელებენ.

„საკონსულტაციო შეკრება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კატეგორიულად განვაცხადო – 2020 წელი იქნება ჟამი ჩვენი ხალხის, ქვეყნის თავისუფლებისა და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში გასტუმრების ეტაპი. ეს აუცილებლად მოხდება იმ სტრატეგიით, რომელიც შემუშავებულია და, რომელზეც კონსენსუსია მიღწეული. განახლდება რეგიონული აქციები, იქნება დიდი მასშტაბური აქცია დედაქალაქში, გაძლიერდება საერთაშორიო პრესი და ზეწოლა არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებზე, არამედ უშუალოდ იმ რგოლებზე, რომლებიც ასრულებენ რეპრესიის გამტარებელთა ფუნქციას და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს. ამ საშინელი სისტემის ჩამოშლამდე, რომლის ნგრევა უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.