შალვა ნათელაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდება, უფრო მალე მოვიცილებთ ხელისუფლებას, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში
შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეროვნული ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არჩევნებში კენჭი იყაროს. ნათელაშვილის თქმით, სენატორ ჯიმ რიშის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ცვლილების ფონზე, სწორი იქნება, ხელისუფლებამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
„შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან, თუ საერთოდ დარჩათ ასეთი რამ, იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობისა და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისათვის“, – აცხადებს ნათელაშვილი.
ამასთან, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.
„მიმაჩნია, თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება მათი სანქცირება და ხელისუფლებიდან მოცილება. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, სასურველია, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახოს, ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.