შალვა ნათელაშვილი - როგორც ჩანს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, რომ გახარია რუსული სპეცსამსახურების ლეიტენანტია
შალვა ნათელაშვილი - როგორც ჩანს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, რომ გახარია რუსული სპეცსამსახურების ლეიტენანტია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გიორგი გახარიასთვის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„როგორც ჩანს, ოსმალეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირ შთამომავალსა და დღევანდელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი პუტინის სტაფერია საქართველოში, ხოლო გახარია რუსული სპეცსამსახურების ლეიტენანტი. ვწუხვართ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც რუსეთის ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში იჩენთ“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი ოფიციალურ მილოცვაში.