შალვა ნათელაშვილი - მამაკაცი და ქალი თანასწორია ყველაფერში, ისინი თანასწორად უნდა მუშაობდნენ და გადიოდნენ პენსიაში
შალვა ნათელაშვილი - მამაკაცი და ქალი თანასწორია ყველაფერში, ისინი თანასწორად უნდა მუშაობდნენ და გადიოდნენ პენსიაში

„ლეიბორისტული პარტია“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. შალვა ნათელაშვილი საქართველოს კანონის სახელმწიფო პენსიის შესახებ იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მამაკაცი 65 წლის ასაკში, ხოლო ქალი 60 წლის ასაკში პენსიაზე გადის. პარტიის ლიდერს ეს მუხლი დისკრიმინაციად მიაჩნია და ამბობს, რომ პენსიაზე ქალიც და მამაკაციც 60 წლის ასაკში უნდა გადიოდეს.

„ჩვენს ქვეყანაში ტოტალური ლაშქრობაა გამოცხადებული ყველას უფლებათა დასაცავად, გარდა მამაკაცებისა. ეს ჩანს მაშინ, როდესაც ქალბატონები პენსიაზე გადიან 60 წლის, ხოლო მამაკაცები 65 წლის. აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რომ დაუშვებულია დისკრიმინაცია ერის, კანის ფერის, სქესის და სხვა მონაცემების მიხედვით. ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რათა გაუქმდეს, სახელმწიფო პენსიების შესახებ მეხუთე მუხლის ანტიკონსტიტუციური პირველი პუნქტი და მამაკაცები პენსიაში გავიდნენ ქალბატონებთან ერთად, 60 წლის ასაკში. მამაკაცი და ქალი თანასწორია ყველაფერში, ისინი თანასწორად უნდა იღებდნენ პასპორტს, თანასწორად უნდა ქორწინდებოდნენ, თანასწორად უნდა მუშაობდნენ და თანასწორად უნდა გადიოდნენ პენსიაში. ამიტომ, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ მამაკაცი არანაკლებ დასაცავია და ჩვენ ამ ფუნქცია- მოვალეობას, ამ პრინციპებს ბოლომდე გავიტანთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი