შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თანამდებობის პირი, რომელიც თავის შვილსა და შვილიშვილს არ შეიყვანს საჯარო სკოლაში, ვერ დარჩება თანამდებობაზე
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თანამდებობის პირი, რომელიც თავის შვილსა და შვილიშვილს არ შეიყვანს საჯარო სკოლაში, ვერ დარჩება თანამდებობაზე

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამდებობის პირი, რომელიც თავის შვილს და შვილიშვილს არ შეიყვანს საჯარო სკოლაში, ვერ დარჩება თანამდებობაზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილმა დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი ბავშვებთან ერთად გამართა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, 31 ოქტომბრის შემდეგ ოლიგარქიული რეჟიმი დასრულდება და საჯარო სკოლებში ერთჯერად უფასო სრულფასოვანი კვება იქნება ყველა ბავშვზე.

„მალე აწკრიალდება სკოლის ზარი და ათასობით ბავშვი გაეშურება ცხოვრების ძალიან დიდი გზის დასაწყისში. დიდი ჩინელი მოაზროვნე კონფუცი ამბობდა, თუ გათვლა გაქვს ერთ წელზე დათესე ბრინჯი, თუ თვლი ათეულ წლებზე, დარგე ხე, ხოლო თუ ათასწლეულებზე გაქვს გათვლა, მიეცი განათლება შვილებს. აი, ეს დიდი სიბრძნე ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო. მათ თავიანთი შვილებისათვის მოაწყეს სპეციალური სკოლები და ნაკლებად აინტერესებს, აქეთ რა ხდება. 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც დაგვემშვიდობება ოლიგარქიული რეჟიმი, ჩვენ საჯარო სკოლებში შემოვიღებთ ერთჯერად, უფასო, სრულფასოვან კვებას ყველა ბავშვზე. ყველა მოსწავლეს პირველი კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით, დაურიგდება პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, ლეპტოპი, რათა ჩვენი შვილები არ ჩამორჩნენ დროს და გასწიონ ღირსეული კონკურენცია იმ ტექნოლოგიებთან, იმ მაღალ მეცნიერული სტანდარტებთან, რომელსაც მათი თანატოლები ეუფლებიან დანარჩენ მსოფლიოში. დამერწმუნეთ, რომ ელემენტარული პირობების შემთხვევაში, ჩვენს უნიჭიერეს ულამაზეს თაობას ვერც ერთი უცხოელი თანატოლი ვერ აჯობებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების შვილები და შვილიშვილები არ სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, რაც მიუღებელია.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თანამდებობის პირი, რომელიც თავის შვილსა და შვილიშვილს არ შეიყვანს საჯარო სკოლაში, ვერ დარჩება თანამდებობაზე. აი მერე ვნახავთ, როგორ არ ექნება ყურადღება საჯარო სასწავლო დაწესებულებებს, როგორ არ იქნებ უზრუნველყოფილი ინვენტარით, ლაბორატორიებით, ლიტერატურით, მაღალკვალიფიციური პერსონალით, სველი წერტილებით, რომელზეც ამდენი საუბარია 21 საუკუნეში და თავი ვერ დაადგეს, აი მერე ვნახავთ. ამიტომ არის, რომ ამერიკის ყველა პრეზიდენტის შვილები და ოჯახის წევრები საჯარო სკოლებში დაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში საოცარი, მაღალი კლასის არამარტო საჯარო, არამედ კერძო სასწავლო დაწესებულებები მუშაობს. ეს ხდება, რადგან მმართველმა ელიტამ საჭიროა, იცხოვროს ხალხის ცხოვრებით, რათა კარგად დაინახოს თავისი შვილისგან, თავისი შვილიშვილისგან იმ პრობლემების შესახებ, რაც სკოლებში და საგანმანათლებლო სისტემებშია. ეს არის კაცობრიობის მიერ აპრობირებული მეთოდი და ჩვენც აუცილებლად ვივლით ამ გზით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.