„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ილიას დანაბარები შეასრულა, როდესაც მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.
„დღეს ისტორიული დღეა. ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე. მიზანი გახლავთ, უაღრესად მარტივი და საპასუხისმგებლო. შევასრულეთ ილიას დანაბარები: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“. მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თვითონ შეეწირა პარტიულ უთანხმოებას. ხომ კარგად ვიცით არა? „სოციალ-დემოკრატების ნამუშევარია ის ტრაგედია, რაც დატრიალდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ადარებს თუ არა ილია ჭავჭავაძეს თავს, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: „ილიას კი არ ვადრით, ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ. ვერ შევასრულეთ 20-იან წლებში, როდესაც ამ პარტიული დახლეჩილობის გამო ფონი შეიქმნა რუსეთის შემოსასვლელად. ვერ შევასრულეთ 90-იან წლებში, როცა პარტიული დაპირისპირებების გამო, გადატრიალება, სამოქალაქო ომით, ტერიტორიების დაკარგვა, გვარდიები, მხედრიონები – ყველაფერი წამოვიდა. ეს ყველაფერი პარტიათა უთანხმოების შედეგი იყო. ვერ შევასრულეთ 2012 წელს, როდესაც ისე დავასუსტეთ ერთმანეთი, რომ მოვიდა ფულის ტომარა, რომელიც დღეს ფიქრობს, ფიქრობდა საკუთარი მონარქიის გამოცხადებას.
მაგრამ, ვიმეორებ, დღეს უკვე ჭკუანასწავლი, დაბრძენებული, პოლიტიკური გონი ქართული კონკრეტული პროდუქტიდან შედეგით უპატაკებს სრულიად საქართველოს, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. ყოველგვარი საერთო სიების გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.