შალვა ნათელაშვილი - აშშ-ის ახალ ხელისუფლებას ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მუშაობა, რადგან ეს ააცილებს ამიერკავკასიას თურქეთიზაციასა და რუსიფიკაციას
შალვა ნათელაშვილი - აშშ-ის ახალ ხელისუფლებას ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მუშაობა, რადგან ეს ააცილებს ამიერკავკასიას თურქეთიზაციასა და რუსიფიკაციას

ვიდრე ჩვენი ქვეყანა დაკავებულია ოლიგარქიული რეჟიმის მიერ გამოწვეული უმძიმესი ერთპარტიული კრიზისის გადალახვით, რუსეთმა და თურქეთმა ტრადიციულად დაიწყეს ამიერკავკასიის გადანაწილება, სადაც ჩვენ გვიკავია ცენტრალური ადგილი და რომლითაც გვთავაზობენ ე.წ. ექვსეულის პლატფორმაში შესვლას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „აღნიშნული ძალიან დიდი, ურთულესი გამოწვევაა ქვეყნისათვის“.

„მინდა განვაცხადო მთელი მსოფლიოს და ამ იდეის ავტორთა გასაგებად, საქართველო არასდროს დაუბრუნდება თავისი ძველი დამპყრობლების, თურქეთისა და რუსეთის ბუდეს. ამაზე ნუ იოცნებებს ნურც ერდოღანი და ნურც პუტინი. საქართველოს საგარეო უწყებას ვთხოვ, გაასაჯაროოს ის მიმოწერა, რაც ამასთან დაკავშირებით გააჩნია ანკარასთან და მოსკოვთან. ხოლო აშშ-ის ახალ ხელისუფლებას, ბატონ ბაიდენს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მუშაობა, რადგან ეს დარჩა ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ააცილებს ამიერკავკასიას თურქეთიზაციასა და რუსიფიკაციას. სამწუხაროდ, სხვა საშუალება და ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ კარს მომდგარი ორმხრივი საფრთხე, აღარ დარჩა.

როგორც წესი, რეგიონში თურქეთი და რუსეთი ყოველთვის უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ამ დაპირისპირებაში პატარა ქვეყნები და ხალხები ახერხებდნენ ლავირებას და თავის გადარჩენას. დღეს დადგა ახალი ისტორიული ეტაპი, როდესაც რუსეთი და თურქეთი გახდნენ გეოპოლიტიკური მოკავშირეები და ისინი ერთად იყოფენ სირიას, ყარაბაღს. ახლა უკვე, სულთანმა ერდოღანმა, რომელსაც თავში აქვს ავარდნილი პანთურქული სივრცის იდეა, წამოაყენა ახალი ექვსეულის პლატფორმა, სადაც უნდა შევიდნენ, მისი ჭკუით, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და თურქეთი. 21 წელს ასევე გადის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა, რომელიც დადეს არსაცხონებელმა ლენინმა და ათათურქმა და რომლითაც გაიყო ამიერკავკასია და გაიყო საქართველო, მათ შორის. ტაო-კლარჯეთი დარჩა თურქეთს თავისი უნიკალური ქართული კულტურის ძეგლებით და მილიონობით ქართველით, რომელიც გაათურქეს მერე, ხოლო დანარჩენი საქართველო დაადგა დიდი განსაცდელის გზას რუსეთთან ერთად, რომელსაც ახლაც გავდივართ. ძალიან სერიოზული ბარიერია, იმისათვის რომ ბევრი რამ გადავწყვიტოთ ჩვენთვის სასიკეთოდ, თუ გვექნება დაცვა ამერიკული სამხედრო ძლიერებისგან, მათი ბაზების გახსნის კუთხით ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა ბერკეტი იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, პრაქტიკულად აღარ დარჩა.

მინდა ხაზი გავუსვა, მთელი მსოფლიოსთვის ახალ საშიშროებას პანთურქიზმის სახით, რომელიც აიტაცა პრეზიდენტმა ერდოღანმა და რომელიც მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ბალკანეთიდან ალტაის მხარემდე, შუა აზიის ჩათვლით და რომლის თანახმადაც, თურქული ეთნოსი და მათი ცივილიზაცია გამოცხადებულია რაღაც ახალ, საოცარ მოვლენად კაცობრიობს ისტორიაში. ეს არის ახალი სახეობის ფაშიზმი. ასე აცხადებდა გერმანელ ერს გამორჩეულ და განსაკუთრებულ ერად და კულტურად, რით დამთავრდა ეს გერმანიისა და მთელი კაცობრიობისთვის, 70 მილიონი ადამიანის სიცოცხლედ, ძალიან კარგად ვნახეთ. ამიტომ, კაცობრიობამ აღარ უნდა დაუშვას ახალი ფაშიზმის აღორძინება პანთურქიზმის სახით და კაცობრიობამ ასევე უნდა გააგრილოს და გაანეიტრალოს პუტინისტური რუსული ფაშიზმიც. სამწუხაროდ, ორივეს ფაშიზმი აქ მოგვადგა. ისევ საქართველო შეიძლება გაიჭყლიტოს, თუ არ იქნება ამერიკის სამხედრო ფარი გადაფარებული ჩვენს ფარზე. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ადმინისტრაციამ ბაიდენის ხელმძღვანელობით, რადგან დერიპასკას კლიენტი და პუტინის პროტეჟე ტრამპი ამას არ აკეთებდა და არც გააკეთებს. გააკეთა ის, რომ პუტინის გამოგზავნილი ოლიგარქი ტრამპმა დაგვისვა აქ უფროსად, რომელსაც ვეღარ ვიცილებთ, თუმცა აუცილებლად მოვიცილებთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.