შალვა ნათელაშვილი - არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს
შალვა ნათელაშვილი - არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს

ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება, არჩევნები არ გახდება სავალდებულო, არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია და არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„20 ივნისის ღამეს ქართულმა ხალხმა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. მან დღეს ბარტყების გადმოყრა დაიწყო და პროპორციულ არჩევნებზე თანხმობა განაცხადა, რასაც ჩვენ მრავალი ათეული წელი ვითხოვდით, მაგრამ ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობის თვალების დამთხრელი გახარია არ გადადგება და არჩევნები არ გახდება სავალდებულო, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გაუქმდება და არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს, ამას ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლის გაწირვა დაჭირდა. ნულ პროცენტიანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პარლამენტს კი არა, დამფუძნებელ კრებას ავირჩევთ. ბარიერი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ირჩევ ხალხს, უბარიერო სისტემა დამფუძნებელი კრებაა. არის 92 წლის სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ცალკეული შეიარაღებული ფორმირებების ნარჩენები მასობრივად შეიყვანეს პარლამენტში.

არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, უბნებთან კოორდინატორები კვლავ საარჩევნო პროცენტებს დაგვიწერენ და იქ ივანიშვილის ამომრჩეველს მიიყვანენ“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს.

„ვფიქრობ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს, მინიმუმ ქართულ პოლიტიკაში. არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს, ხალხი თავისი შვილების თვალების დამთხრელთა არსებობას 2020 წლამდე ვერ აიტანს. ორი სასესიო სეზონი საკმარისია ამ ცვლილებებისთვის და ნოემბერში ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ არჩევნების გზით. ვფიქრობ, უბარიერობის შემთხვევაში, პარტიული სისტემა მოისპობა. პარტიული სისტემა ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ბარიერს გადადის.

ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის ისეთი უკან დახევა, რომელიც თუ მიეცა საშუალება, მას წინ გადახტომის შესაძლებლობას მისცემს. რა მნიშვნელობა აქვს ივანიშვილისთვის ერთი პარტიით შეადგენს საპარლამენტო უმრავლესობას და გააგრძელებს ქვეყნის კონტროლს, თუ მრავალი მის მიერ დაფინანსებული და შეყვანილი თითი-თითო სატელიტით შეძლებს ამას“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.