შალვა გოგოლაძე - იაპონიის მხარე ადასტურებს, რომ ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება
შალვა გოგოლაძე - იაპონიის მხარე ადასტურებს, რომ ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოედგილე შალვა გოგოლაძე გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.

მინისტრის მოადგილემ განვლილი 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სხვა სფერობთან ერთად, ეს პერიოდი სპორტისთვისაც განსაკუთრებით რთული და უჩვეულო იყო.

შალვა გოგლაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გასულ წელს სპორტული ღონისძიებების უდიდესი ნაწილი გადაიდო, თუმცა, უკვე შემოდგომაზე არსებულ მდგომარეობასთან ადაპტაცია მოხერხდა და ქართული სპორტის მონაგარი მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

„2021 წლის დასაწყისში უკვე გვქონდა ორი დიდი სპორტული ღონისძიება, დოჰას მასტერსი ძიუდოში და პარიზის გრან პრი ჭიდაობაში, რომელიც ტრიუმფალურად დასრულდა ორივე ნაკრებისთვის, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ, – იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ოლიმპიური სალიცენზიო თამაშებისთვის თითოეული ნაკრები სრულ მზადყოფნაში იქნება.

არის მოსაზრება, რომ წელს ოლიმპიადა, შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს, მაგრამ მე მქონდა საუბარი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, ლერი ხაბელოვთან და  თავად იაპონიის მხარეც ადასტურებს, რომ ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება“.

შალვა გოგოლაძე აღნიშნავს, რომ იქნება გარკვეული სირთულეები, მაგრამ პროტოკოლისა და სიფრთხილის დაცვით გაზაფხულიდან დაიწყება სალიცენზიო ტურნირები, რომელიც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას გასცემს.