შალვა ალავერდაშვილი - თბილისის სასტუმროებში მარტი-აპრილის ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმებულია, ინდუსტრიას დიდი პრობლემა შეექმნა
შალვა ალავერდაშვილი - თბილისის სასტუმროებში მარტი-აპრილის ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმებულია, ინდუსტრიას დიდი პრობლემა შეექმნა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში შექმნილ გამოწვევებზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მსჯელობენ.

შეხვედრა თბილისში, სასტუმროში – Wyndham Grand Tbilisi მიმდინარეობს და მასში ძირითადად სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

როგორც სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა.

„პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, ჯავშნების 80-90 პროცენტი ყველას გაუუქმდა მარტი-აპრილის თვეზე. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ახლა უნდა მოვიფიქროთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პერსონალი არ გავუშვათ სამსახურებიდან“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისი შეფასებით, ყველაზე დიდი დარტყმა თბილისმა მიიღო, რადგან რეგიონების დიდ ნაწილში სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და ეს მათ მდგომარეობას ამსუბუქებს.

„არდადეგების გამოცხადებამაც ზოგიერთ რეგიონს მეტი დახმარება გაუწია, რადგან შიდა ტურიზმის ხარჯზე მეტ-ნაკლებად დატვირთვა მაინც ექნებათ, თუმცა თბილისის სასტუმროების ჯავშნების თითქმის 80-90 პროცენტი გაუქმებულია. რაც შეეხება თანამშრომლების შემცირების საკითხს, მე ვუთხარი ჩემს თანამშრომლებს, ყველაფერი გვექნება გამჭვირვალედ და მუშაობას ვაგრძელებთ სახლის პრინციპით. რაც გვექნება გადასახდელი, მაგალითად კომუნალურები, გადავიხდით, თუ დაგვრჩება რამე თანხა, გავანაწილებთ ხელფასებზე, ზოგს შეიძლება, 100 ლარი შეხვდეს, ზოგს – 200 ლარი, ზოგს შესაძლოა, არაფერი შეხვდეს. თუმცა ამ წუთში ჩემი თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში არიან და ეს არის ჩვენთვის მართლაც ფორსმაჟორული მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რა ძნელია 250 ადამიანთან საუბარი, რომლებსაც ეუბნები, რომ ვერ გადაგიხდით ხელფასს და თუ გინდათ, იარეთ“, – განაცხადა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები სამოქმედო გეგმაზე შეჯერდებიან.

„პირველი თემა იქნება ბანკებთან ურთიერთობა, ყველაზე რთული ამ წუთას არის ბანკები, სესხები დაფარვა, არ ვიცი, როგორ და რა რესურსით დავფარავთ. შემდეგი იქნება ასევე ქონების გადასახადის გადახდა, აქაც არ ვიცით, რა იქნება და როგორ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.